leaderboard_below_slide
left_sabechdi

როინ მეტრეველი: რაჭაში ქალს დაიტირებდნენ, – ქალო, თამარ დედოფლის მგვანო, ხმა დაბალო და საქმე მაღალოო

ისტორიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი როინ მეტრეველი ამბობს, რომ თამარ მეფე ქართველ ხალხში უდიდესი სიყვარულით სარგებლობდა. ხალხი აქებდა მას და ღვთის დარად მოჰყავდათ. თამარ მეფეს სამებისაგან მეოთხე იპოსტასად ასახელებდნენ. რაჭაში ქალს დაიტირებდნენ, – „აი, ქალოო, თამარ დედოფლის მგვანოო, ხმა დაბალო და საქმე მაღალოო“.

როინ მეტრეველი ტელეკომპანია„იმედთან“ ინტერვიუში იხსენებს იმ წლებს, როდესაც ახალგაზრდა ისტორიკოსმა თამარზე ნაშრომი გამოსცა და ამის გამო გააკრიტიკეს, საბჭოთა იდეოლოგიის საწინააღმდეგოდ მეფეების განდიდებაში დაადანაშაულეს.

„თამარზე მქონდა თემა – „თამარის სახე ხალხურ შემოქმედებაში“, რომელიც ითარგმნა რუსულად და ამის გამო მე მწარე კრიტიკა მივიღე საბჭოთა კავშირის გამოჩენილი პიროვნებისგან, იყო ასეთი – ალექსანდრ იაკოვკევი. მან დაწერა ვრცელი სტატია ისტორიზმის წინააღმდეგ, სადაც არა მარტო მე, რუსეთისა და საქართველოს სხვა ისტორიკოსები გაგვაკრიტიკა. ბრალდება იყო იმაში, რომ განადიდებს მეფეებს და კლასობრივი მიდგომა ნაკლებად არის მის ნაშრომებშიო. მე მქონდა თემა „თამარის სახე ხალხურ შემოქმედებაში“, ხალხი ყველაზე მაგარი კლასობრივი მოპასუხეა ამ საკითხზე. ხალხი აქებდა თამარს. ღვთის დარად მოჰყავდათ ის. სამებისგან მეოთხე იპოსტასად ასახელებდნენ თამარს. რაჭაში ქალს დაიტირებდნენ, – აი, ქალოო, თამარ დედოფლის მგვანოო, ხმა დაბალო და საქმე მაღალოო! ასეთი უამრავი მასალა მქონდა მოყვანილი და ეს იყო ძალიან საინტერესო, რის საფუძველზეც დაიწერა ეს თემა“, – განაცხადა როინ მეტრეველმა „იმედის“ გადაცემაში – „სტუმრად ნოესთან“.

წყარო: “იმედი”

ასევე იხილეთ