leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლადო ბოჟაძე შვედეთის საგარეო უწყების განცხადებაზე: ასეთი ტიპის განცხადებები უნდა ჩაითვალოს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად და ძალადობრივი ჯგუფების წახალისებად

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ პოსტს შეფასებები მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ხელისუფლება კვლავ შიდა საქმეებში, გარე ძალების ჩარევის ნიშნებზე საუბრობს.

„ვიცით, რომ არაერთი ევროპული სახელმწიფო სრულიად უსამართლოდ იქცევა ჩვენი ქვეყნის მიმართ, მათ შორი გამორჩეულები არიან ბალტიისპირეთის ქვეყნები და შვედეთი. ყველას კარგად გვახსოვს შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის დამოკიდებულებები მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობისადმი“ და ის დაფინანსება, რაც შვედეთიდან მოდიოდა ჩვენს ქვეყანაში – სხვადასხვა მედიისთვის და სამოქალაქო სექტორისთვის.

შვედეთის სახელმწიფოს შეუძლია გააგრძელოს დღეების თვლა, ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა ჩვენ არ ვთვლით რომ რაიმე კრიზისთან გვაქვს საქმე, ვმუშაობთ აქტიურად. ასეთი ტიპის განცხადებები, ერთი მხრივ უნდა ჩაითვალოს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად და მეორე მხრივ უნდა ჩაითვალოს იმ ძალადობრივი ჯგუფების წახალისებად, რომლებიც დღეების განმავლობაში ქვებით, მოლოტოვის კოქტეილების, პიროტექნიკის გამოყენებით ებრძოდნენ ქართულ პოლიციას და ცდილობდნენ ეს პარლამენტის შენობა გადაეწვათ.

ამიტომ, ეს დამოკიდებულება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში, სრულიად უსამართლოა, თუმცა გვესმის კარგად რომ ეს ყველაფერი უკავშირდება რუსეთ-უკრაინის ომის საკითხებს და იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქვეყანაში მშვიდობა შეგვენარჩუნებინა“, – აცხადებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო ბოჟაძე.

ცნობისთვის, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში პროტესტის მე-100 დღესთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა. სამინისტრო მხარდაჭერას უცხადებს მომიტინგეებს.

ასევე იხილეთ