საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, უკრაინაზე რუსეთის ბოლო სარაკეტო თავდასხმა მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მშვიდობა არ სურს.
“კიდევ ერთხელ, პუტინი აჩვენებს, რომ მას მშვიდობა არ აინტერესებს. ჩვენ სამხედრო მხარდაჭერა უნდა გავაძლიეროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მეტ უკრაინელ მშვიდობიან მოქალაქეს მოუწევს ძალიან მაღალი საფასურის გადახდა”, – წერს კაია კალასი X-ზე.
გასულ ღამეს რუსეთის მიერ ქალაქ დობროპილიაზე მიტანილი იერიშის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30 დაშავდა. თავდასხმას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელმაც აღნიშნა: „ასეთი დარტყმები აჩვენებს, რომ რუსეთის მიზნები უცვლელია, მნიშვნელოვანია საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და სანქციების გამკაცრება“.