ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის ჩემპიონატის 25-ე ტურის მატჩში სტუმრად „რენი“ 4:1 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელი მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა.
კვარაცხელია მოედანზე 64-ე წუთზე გამოჩნდა, იმ დროს, როცა პარიზელები ბრედლი ბარკოლასა (27) და გონსალო რამოშის (50) გოლებით 2:1-ს იგებდნენ. ქართველის გამოსვლამ სტუმრების შეტევები გაამწვავა. მან ერთ ეპიზოდში უსმან დემბელე მეკარესთან პირისპირ დატოვა, თუმცა გუნდის ბომბარდირმა მომენტით ვერ ისარგებლა.
კვარაცხელიას მიერ განვითარებული შეტევა 90+1-ე წუთზე აშრაფ ჰაკიმიმ დემბელეს გაუგრძელა, რომელმაც მორიგი გოლი გაიტანა. ორ წუთში დემბელემ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
25 ტურის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენს“ 65 ქულა აქვს და საფრანგეთის ლიგა 1-ის ლიდერია. ლუის ენრიკეს გუნდი მეორეადგილოსან „მარსელს“ 16 ქულით ასწრებს.