საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ქალაქ ნიუ-იორკში, 11 მარტისთვის დაგეგმილ, გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW) 69-ე სესიაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობის საკითხს გამოეხმაურა.
“საგარეო საქმეთა მინისტრი წარადგენს ჩვენს ქვეყანას შესაბამისი მესიჯებით. მოხდება ქვეყანაში არსებული კონკრეტული მდგომარეობისა და ვითარების პრეზენტაცია. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს, რომ არანაირი პრობლემა ან რაიმე სახის კითხვის ნიშანი საქართველოში არსებული ხელისუფლების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არ არსებობს. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ რადიკალების დესტრუქციული სურვილები – საკუთარი სურვილი სინამდვილედ გაასაღონ, რაც რა თქმა უნდა, ბანქოს სახლივითაა ჩამოშლილი”, – განაცხადა მათიკაშვილმა.
11 მარტს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ქალაქ ნიუ-იორკში მონაწილეობას მიიღებს გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW) 69-ე სესიაში, რომლის ფარგლებშიც ის დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.