100 დღით გადაკეტილი რუსთაველი – ბრძოლა თუ ჩაკეტილი წრე? – რა სტრატეგიული შეცდომები დაუშვა ოპოზიციამ და რა სარგებელი მიიღო ხელისუფლებამ

მოცემულობა
რამდენიმე დღის წინ ერთმა აქტივისტმა ერთ-ერთ ფეისბუქ-გვერდზე ასეთი კითხვა დასვა: „რუსთაველი რომ არ გადაიკეტოს, რას გამოიწვევს?“ პასუხები ისეთი იყო, როგორსაც თავად აქციის მონაწილეები ისურვებდნენ. ერთმანეთი შეაგულიანეს. საბოლოოდ, მორგი პოსტი გამოაქვეყნა პოსტის ავტორმა და შეჯამების სახით დაწერა: „სტატისტიკა ცხადყოფს, რომ პროტესტი თუ 3-6 თვე გაგრძელდა, ცვლილებების შანსი 60%-ია, თუ 6-12 თვე – 80%-იო.“
ვიმსჯელოთ, რეალურად რა შეცვალა 100 დღიანმა პროტესტმა და ვის რა შედეგი მოუტანა (ან მოუტანს)? ოპოზიციამ ამ 100 დღეში უფრო მეტი დაკარგა თუ უფრო მეტი მიიღო? რა დაკარგა ოპოზიციამ და რა მიიღო ხელისუფლებამ?
მოცემულობის მიღმა
პროტესტის ეს ფორმა ცალსახად უშედეგო და ჩაკეტილ წრედ იქცა. შესუსტდა საზოგადოებრივი მუხტი, ოპოზიცია გადაიღალა მორალურად და ფიზიკურად – პროტესტი ენერგიულად დაიწყო, მაგრამ გაწელილმა და გეგმის გარეშე მიმდინარე პროცესმა, აქტივისტთა დიდი ნაწილი გადაღალა და სკეპტიციზმი გაუჩინა.
100 დღიანი უწყვეტი პროცესი ძალიან დიდი რესურსების ხარჯვას ნიშნავს, რასაც შედეგი არ მოჰყვა და უშედეგობამ დემორალიზაციის საფრთხე რეალური გახადა. აქციამ დაკარგა მომხრეების დიდი ნაწილი, რაც სხვა მიზეზების გარდა, განპირობებული იყო აქციაზე განხორციელებული სხვადასხვა ფორმით, (საზოგადოებისთვის მიუღებელი) ე.წ. პერფორმანსებით.
რა მიიღო ოპოზიციამ?
მხარდამჭერთა მცირე ბირთვი ჯერ კიდევ ითვლება შენარჩუნებულად, რაც ხელისუფლებას არ ავიწყებს პროტესტის არსებობის ფაქტს, (თუმცა, ეს არა კრიზისი, არამედ კარგად მიჩვეული გარემოა). ამავდროულად, რუსთაველის გადაკეტვა ოპოზიციის სიმბოლოდ იქცა, თუმცა, სიმბოლო ყოველთვის არ ნიშნავს რეალურ ცვლილებებს. რაც შეეხება საერთაშორისო ყურადღებას, ამ პროტესტზე საუბრობენ, თუმცა, ისინიც სიმბოლურად.
რა მიიღო ხელისუფლებამ?
ამავდროულად, ხელისუფლება მარტივად ადაპტირდა მოცემულ სიტუაციასთან. ხელისუფლება არ შერყეულა და არანაირ დათმობაზე არ წასულა – „ქართულმა ოცნებამ“ პროტესტი გაანეიტრალა იგნორირების სტრატეგიით. ვინაიდან, საზოგადოება უკვე მიეჩვია გადაკეტილ რუსთაველს, პროტესტის ეს ფორმა უკვე სტატუს კვოდაა აღქმული და არა, რაიმე საგანგებო მდგომარეობად. მთავრობისთვის, ეს პროტესტი არ აღიქმება პრობლემად, შესაბამისად მშვიდად უყურებენ, რადგან, კარგად იციან, რომ ასეთი პროტესტის ფორმები შედეგს ვერ მოიტანს. ასევე, „ქართული ოცნება“ მსგავსი პროტესტისგან მხოლოდ და მხოლოდ სარგებელს იღებს, რადგან ოპოზიცია ქუჩაშია და არა ალტერნატიული პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნის პროცესში.
ოპოზიციის სტრატეგიული ჩიხი – მიზეზები
ოპოზიციაში კომპეტენციის დეფიციტია, არ ჰყავს სტრატეგიული და ეფექტური ლიდერები, რომლებიც შეძლებენ პროცესი სწორად წარმართონ. ამიტომაც კეთდება მეტი აქცენტი ემოციებზე და არა ცივი გონებით გათვლილ ნაბიჯებზე. ოპოზიცია დაქსაქსულია, თითოეულ ოპოზიციურ პარტიას საკუთარი დღის წესრიგი აქვს – ნაცვლად ერთიანი ხედვისა, ლიდერებს შორის კონკურენცია და ნდობის ნაკლებობაა, რაც ხელს უშლის რეალური სტრატეგიის ჩამოყალიბებას.
ოპოზიცია დამოკიდებულია გარე ფაქტორებზე -განვლილმა წლებმა აჩვენა, რომ ოპოზიცია დიდ იმედს ამყარებს დასავლეთიდან და ევროპიდან მიღებულ მხარდაჭერაზე, არ გააჩნიათ დამოუკიდებელი ხედვა და ელოდებიან, როდის მოვა გადამწყვეტი ცვლილებები გარედან (სანქციები, საერთაშორისო ზეწოლა და ა.შ). ოპოზიციური ბანაკი ამ მუდმივ მოლოდინის რეჟიმში არსებობს და ვერ ქმნიან შიდა პოლიტიკურ ალტერნატივას. ცხადია, მხოლოდ სახელისუფლებო პარტიის, გუნდის კრიტიკა არ არის საკმარისი, საზოგადოებას სჭირდება ალტერნატიული, კონკრეტული ხედვა, რის მიწოდებაც არ შეუძლია ოპოზიციას.
გამოსავალი
ოპოზიციამ დაკარგა დრო და ვერ მოიპოვა მყარი პოზიციები, მათი გაუაზრებელი სტრატეგიით კი ხელისუფლება კიდევ უფრო გააძლიერეს. სახეზეა „გაყინული პროტესტი“. ოპოზიცია კვლავინდებურად დაქსაქსულია და არ გააჩნია სტრატეგიული ხედვა. ოპოზიციური ლიდერები კი, კვლავ სხვადასხვაგვარად მოქმედებენ და არანაირ ერთიანობას არ აჩვენებენ. შესაბამისად, პროტესტი უფრო ემოციების მატარებლად რჩება, ვიდრე სტრატეგიის.
პროტესტის ამავე ფორმით გაგრძელება გამოიწვევს მის საბოლოოდ ამოწურვას და იქცევა ოპოზიციის მარცხის სიმბოლოდ. თუ ოპოზიცია კვლავ სტრატეგიის გარეშე გააგრძელებს მოქმედებას, ამ ტიპის პროტესტი 100 დღის ნაცვლად 200 დღეც რომ გაგრძელდეს ან კიდევ ერთი ზამთარი ან კიდევ ერთი თაობა – შედეგი კვლავ უცვლელი დარჩება. ამ მდგომარეობაში, ოპოზიციისთვის ერთგვარ გამოსავლად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეიძლება ჩაითვალოს, რაც ცალსახად მარცხის აღიარება იქნება, თუმცა იმ შემთხვევაში თუ მონაწილეობას არ მიიღებენ, საერთოდ დაკარგავენ პოლიტიკურ “წონას”. მონაწილეობა გამართლებულია წაგების შემთხვევაშიც, რადგან ექნებათ მორალური პოლიტიკური პლატფორმა, სადაც ბრძოლას ისე გააგრძელებენ, როგორც შეუძლიათ.
მართალია, ოპოზიცია რთული არჩევანის წინაშეა, თუმცა, მოკლედ თუ ვიტყვით – სხვა გზა, უბრალოდ, არ არსებობს.