leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: რა თქმა უნდა, ვეტოს დავძლევთ

„რა თქმა უნდა, ვეტოს დავძლევთ. უფრო მეტიც, ამ კანონის პაკეტში შედიოდა რეგლამენტში ცვლილება, რომელიც უკვე ერთი თვეა ძალაშია, ვინაიდან რეგლამენტის ცვლილებას ხელს აწერს პარლამენტის თავმჯდომარე და ამ შემთხვევაში ვეტოს უფლება არ ვრცელდება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან პრეზიდენტის ვეტოზე საუბრისას განაცხადა.

„ითქვა, რომ თითქოს ეს ცვლილება არ უნდა იყოს მიღებული ასე, ვინაიდან ის ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტს, რაც ტყუილია. არ არსებობს ევროკავშირის არც ერთი ქვეყანა, რომელშიც ასეთი სისტემა იქნებოდა. მეორე – ითქვა, რომ ეს ცვლილება არ უნდა იყოს მიღებული, ვინაიდან ის ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის დასკვნას. რა თქმა უნდა, ესეც ტყუილია, ვინაიდან სალომე ზურაბიშვილის შენიშვნებიც ასევე არ იზიარებს ვენეციის კომისიის დასკვნას. ითქვა, თითქოს ცვლილება ეწინააღმდეგება ცხრა პუნქტს, რაც ასევე ტყუილია. ცხრა პუნქტიდან მეოთხე პუნქტის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ არჩევნები გაიმართოს სამართლიანად, კონკურენტუნარიანად. არჩევნები გამართული იქნებოდა იმ პირობებში, რომ გვეყოლებოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ორი წევრი, რომლებიც სრული ვადით არ არიან არჩეული. ეს მისცემდა საბაბს ოპოზიციას, კვლავ დაეწყო პროტესტი შედეგებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საბოლოო ჯამში გაიშიფრა, გეგმა რაც იყო. კერძოდ ის, რომ ოპოზიციური მოადგილე უნდა გამხდარიყო კომისიის თავმჯდომარე.

„ვხედავთ წნეხს, რომელიც ახლა ცესკო-ს თავმჯდომარეზე მიმდინარეობს, იქნება ეს მედიიდან, ოპოზიციიდან, თუ არასამთავრობო სექტორიდან. ვხედავთ, რომ არის სურვილი, ჩამოეცილებინათ ის თავმჯდომარეობას და შემდგომ „ლელოს“ ჩაეტარებინა არჩევნები. რომელ სამართლიანობაზეა საუბარი „ლელოს“ ჩატარებულ არჩევნებში. ამიტომ, სამი ტყუილი ითქვა გუშინ მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით. სამ ტყუილში როცა იქნება გამოჭერილი ასეთი შენიშვნები, ზედმეტია საუბარი იმაზე, რომ არსებობს რაიმე შინაარსობრივი მოტივი. ერთადერთი მოტივი, რაც აქვს სალომე ზურაბიშვილს, ეს არის, შეუქმნას საბაბი „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ახლა უკვე მეოთხედ არ აღიაროს არჩევნების შედეგები. 100 პროცენტით გარანტირებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგებს. 2012 წელს არ აღიარეს, 2016 წელს არ აღიარეს, 2020 წელს არ აღიარეს, ამიტომ ეს გამოცდილება გვეუბნება, რომ ახლაც აპირებენ, არ აღიარონ არჩევნები. უკვე რევოლუციური სცენარებისთვის ემზადებიან და ამისთვის იმზადებენ საბაბებს. ეს საბაბი არის, მათ შორის სწორედ ეს ე.წ. მოტივირებული შენიშვნები. სისულელეა, რაც გუშინ ითქვა, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის მხრიდან, თითქოს ერთპარტიულზე იქნება ცესკო. რვა ოპოზიციური პარტია არის წარმოდგენილი ცესკოში, რა ერთპარტიულობაზე საუბრობენ საერთოდ. ეს უკვე არითმეტიკის არცოდნაა, უფრო სწორად კი, იმის წარმოდგენა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არითმეტიკა არ იციან და ვერ დათვლიან, რომ რვა სხვადასხვა ოპოზიციური პარტია არის ცესკო-ში წარმოდგენილი. ასე რომ, ერთადერთი მოტივი ამ შენიშვნის, არის საბაბის შექმნა არჩევნების შედეგების არაღიარებისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღეს პარლამენტში პრეზიდენტის მიერ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე დადებულ ვეტოს დაძლევენ.

ასევე იხილეთ