„ადრე რაც USAID-ის, NED-ის და მსგავსი ორგანიზაციების ხელით კეთდებოდა, ახლა ეს მცდელობები და ქმედებები უკვე გადანაწილებულია ან ბრიუსელიდან პირდაპირ დაფინანსებული ორგანიზაციებით, ან ევროკავშირის სხვადასხვა დედაქალაქზე“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ქართველ ხალხზე, საქართველოს ხელისუფლებასა და სრულიად საქართველოზე დივერსიფიცირებულ თავდასხმას აქვს ადგილი.
„ვფიქრობ, საქართველო ბევრ საკითხთან დაკავშირებით ლაკმუსის ქაღალდი გამოდგება ხოლმე და ახლაც ვხედავთ, რომ გადაჯგუფება მიდის. ადრე რაც USAID-ის, NED-ის და მსგავსი ორგანიზაციების ხელით კეთდებოდა, რომელიც აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ თაღლითობასა და სხვა ქვეყნებში დესტაბილიზაციის ორგანიზებაში ამხილა, ახლა ეს მცდელობები და ქმედებები უკვე გადანაწილებულია ან ბრიუსელიდან პირდაპირ დაფინანსებული ორგანიზაციებით ან ევროკავშირის სხვადასხვა დედაქალაქზე. ჩვენ უკვე ვხედავთ დივერსიფიცირებულ თავდასხმას ქართველ ხალხზე, საქართველოს ხელისუფლებასა და სრულიად საქართველოზე. მათ შორის, ეს ვიზიტები და ტური, რაც ბოლო პერიოდში მათ მარიონეტებს [ოპოზიციას] მოუწყვეს იყო იმისთვის, რომ მათ შესაბამისი ინსტრუქცია და დავალებები მისცენ. საბოლოოდ, ეს ჩვენი ტესტია. როცა საუბარი „დიფ სთეითსა“ და მის დამარცხებაზე იყო, ჩვენი წარმოდგენა ასეთია, რომ სხვა ქვეყნების დესტაბილიზაციის ქსელები საერთოდ უნდა ამოიძირკვოს და არ მოხდეს რებრენდიგი. ანუ, ის რაც ადრე იყო და USAID-ი ერქვა, ახლა „ევროპის დემოკრატიის ფონდი“, რომელიც ისედაც არსებობდა, „ესტონეთის დახმარების ორგანიზაცია“ და ა.შ.“, – განაცხადა პაპუაშვილმა
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რამდენიმე ორგანიზაცია, და „ენჯეო“ „გადაესტონელდა“.
„ვნახეთ რამდენიმე ორგანიზაცია, რაც ღიად ვიცით, რომ „გადაესტონელდნენ“, მათ შორის რამდენიმე „ენჯეო“. ვხედავთ იმ რესურსების გადანაწილებას, რომელიც USAID-ის, NED-ის და სხვა ასეთი ორგანიზაციების ხაზით იხარჯებოდა საქართველოში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციამ და არასამთავრობო სექტორმა საზოგადოებას უნდა აჩვენოს ქვითრები და გადარიცხვები, რომ გასაგები იყოს, „ვისი ფულით დადიან ქართველი პოლიტიკოსები.“
„ჩვენ ვნახეთ ოპოზიციისა და „ენჯეოების“ ერთობლივი ტური, რომელიც ახლა ჰქონდათ ბალტიის, სკანდინავიისა და დიდი ბრიტანეთის ქვეყნებში. ვისი ფულით იყვნენ ამ ქვეყნებში? დაასახელონ! აჩვენონ საზოგადოებას ქვითრები და გადარიცხვები – ვინ იყიდა ბილეთი და ვინ განათავსა ისინი სასტუმროში. ვისი ფულით დადიან ქართველი პოლიტიკოსები. ვისი ფულითაც დადიან, იმათი მარიონეტები არიან. ამიტომ გვაჩვენონ, ვისი ფულით დადიან და გაეცემა კითხვას პასუხი, ვისი მარიონეტები არიან ოპოზიციის წარმომადგენლები და „ენჯეოები“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.