საბურთალოს რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტი მოსახლეობისთვის დასასვენებელი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციაა.
ამჯერად, ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 1 000 000 ლარი შეადგინა, დიდ დიღომში, IV მიკრორაიონის მე-6 კორპუსის მიმდებარედ განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში, 7 000 კვ.მ ფართობზე განახლდა დასასვენებელი სივრცე და დამონტაჟდა სკვერისთვის საჭირო ინვენტარი. მოეწყო სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონები, განათებისა და სარწყავი ქსელები. სამუშაოების დასკვნით ეტაპზე დაიგო რულონური ბალახი და დაირგო 300-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.
გარდა ამისა, აღნიშნულ მისამართზე, 600 კვ.მ ფართობზე განახლდა სპორტული მოედანიც.
სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულა გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ „კვადრელი“.
დასრულებულ პროექტს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე, პარლამენტის წევრი, საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.