20 მარტს დაგეგმილი საქართველოსა და სომხეთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრის შესახებ სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი გიგა გვენცაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ჯერ თითქოს ადრეა… მაგრამ…
გვიახლოვდება და ვუახლოვდებით 20 მარტს, თარიღს, როდესაც ჩვენი ნაკრები ბრუნდება, ჩვენი ფეხბურთი ბრუნდება.
ბრუნდება ზუსტად 121 დღის შემდეგ.
დღეს ჩვენ გვინდა დავრჩეთ იქ, სადაც ვართ. ერთა ლიგაზე ჩვენს ადგილს სომხეთი გვეცილება.
საქართველო-სომხეთი.
მართალია ჩვენი ურთიერთობები არ ყოფილა ყოველთვის უღრუბლო და ადვილი, მაგრამ ჩვენი თანაარსებობა, თანამშრომლობა, პარტნიორობა, კეთილმეზობლობა, მეგობრობა მრავალ წელს ითვლის და საუკუნეების ისტორია აქვს.
ცალკე თავგადასავალია ჩვენი საფეხბურთო კონკურენციის ამბავი, რომელზეც ამჯერად ორი სიტყვით და მხოლოდ რამდენიმე, ვფიქრობ, საინტერესო ისტორიის გახსენებით.
როდესაც საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის და თასის გათამაშების ჩატარება გადაწყდა, თასზე, ბათუმის „დინამოს“ პირველ მეტოქედ ქალაქ ალავერდის ერთ-ერთი კომბინატის გუნდი ერგო. შეხვედრა ბათუმში ჩატარდა და მასპინძელთა (რომელთა რიგებშიც სხვათა შორის ეთნიკურად სომეხი მოთამაშეებიც იყვნენ) გამარჯვებით დასრულდა – 7:1. სომხეთში ძალიან განიცადეს საქართველოში მარცხი და გამანადგურებელი ანგარიშით დაბრუნებული გუნდის მოთამაშეები და კომბინატის ხელმძღვანელები ბეწვზე გადაურჩნენ რეპრესიებს, კომბინატი კი – დახურვას. იდგა 1936 წელი…
1960 წელს, ერევნის „სპარტაკი“ (1963 წლიდან „არარატი“) 10 წლის შესვენების შემდეგ დაუბრუნდა უძლიერესთა რიგებს და ჩვენს „დინამოსთან“ თბილისში თამაშიც მოუწია. შეხვედრამ, ცხადია, უდიდესი ინტერესი გამოიწვია. ბილეთის შოვნა წარმოუდგენლად რთული გახლდათ და სომხებმაც უჩვეულო ხერხს მიმართეს… თამაშის დღეს დილით სტადიონის ადმინისტრაციამ დაკეტილი ჭიშკარი გააღო და ნანახისგან გაკვირვებულმა თანამშრომლებმა ალბათ პირი დააღეს, ალბათ თმებიც ყალყზე დაუდგათ – ტრიბუნებზე, მოკალათებული სომეხი გულშემატკივრები დახვდათ, რომლებიცმ როგორც შემდეგ გაირკვა, ღამით ჩამოსულან ერევნიდან, სტადიონის ტერიტორიაზეც შეპარულან და ღამე ტრიბუნებზე გაუთევიათ და ცოცხალი თავით, დაკავებული ადგილის დატოვებას არ აპირებდნენ. მატჩის ჩატარება-გადადების საკითხი მოსკოვთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს. ხრუშჩოვის „ოტტეპელის“ დროს, ძალის გამოყენებისგან, როგორც ჩანს, თავი შეიკავეს და უბილეთო და ბილეთიან მაყურებელთა შორის დიდი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად მატჩის გადადების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. გადადებული მატჩი „დინამომ“ 7:4 მოიგო. მიხელ მესხმა 4 ბურთი გაიტანა. სეზონის მეორე მატჩი კი ერევანში სომხებმა 5:1 მოგვიგეს…
ჩვენს შორის, დაწყებულ-დაუსრულებელი მატჩიც ყოფილა, 1961 წელს, როდესაც თბილისური მატჩი ჩაიშალა…
მესხის 4 გოლის შემდეგ, ილია დათუნაშვილის 5 გოლიც იყო, რომელიც მან „არარატს“ თბილისში 1966 წლის 22 სექტემბერს, მეორე ტაიმის 27 წუთში გაუტანა… ზუსტად არ ვიცი, აქედან თუ მანამდეც, „ქვათა ღაღადის“ შემდეგ, სახელი ილია დიდი პოპულარობით მეზობლებში არ სარგებლობს…
მოსკოვში „არარატთან“ დაუვიწყარ 1976 წლის 3 სექტემბერს 3:0 მოგებულ ნანატრ ფინალზეც ვთქვათ. მეექვსე ცდაზე მოგებული ფინალი. მანამდე 5 ფინალი წავაგეთ. ხუთივე მოსკოვში და ხუთივე მოსკოვურ გუნდებთან.
დაუვიწყარი იყო 1981 წლის 11 ივლისს რაზდანზე მოგება. პირველი ტაიმის ბოლოს, გაფრთხილებული თენგიზ სულაქველიძის ტაშით გამოხატული რეაქცია და წითელი ბარათი. ტაიმის შემდეგ 1:1 და მეორე ნახევარში 10 კაცით 4:1 მოგებული თამაში.
და უკვე აქეთ, დამოუკიდებლობის პერიოდში 1997 წლის 30 მარტს, „დინამოზე“, საქართველო-სომხეთი, ტყუპების 5 გოლი და 7:0…
და კიდევ სხვა ჩვენთვის სასიამოვნო თუ უსიამოვნო მოგონება, რომელზეც უფრო დაწვრილებით ალბათ სხვა დროს სჯობს.
დიდად მნიშვნელობა არასოდეს ჰქონია, რაზე იყო თამაში, რის თასზე ან პირველობაზე.
ყოველთვის იყო განსაკუთრებული ინტერესი, კონკურენცია, აზარტი, შეუპოვრობა, მონდომება, მოტივაცია, ბრძოლა…
ომი არა, მაგრამ ომობანა…
ახლაც იმავეს მოლოდინში ვართ…
მაგრამ ყველაზე უფრო იმის წარმოდგენა მახარებს, რომ თამაშის დღეს და თამაშის დროს პრაქტიკულად ყველანი ჩვენ 90 წუთი ერთსულოვანნი ვიქნებით – ერთი სურვილით და ერთი მიზნით.
90 წუთი ალბათ ყველას ერთი, ერთნაირი და ერთიანი განცდა გვექნება – საქართველოსი და საქართველოსთვის…
მიდის სანახავად…
დიდება და გამარჯვება საქართველოს…“ – წერს გიგა გვენცაძე.