ლევან მგალობლიშვილი: მნიშვნელოვანია, ყველა დევნილს ჰქონდეს ინფორმაცია, რას ხმარდება აფხაზეთის მთავრობის და მასში შემავალი სამინისტროების ბიუჯეტი

„ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საბიუჯეტო სახსრები იყოს გამჭვირვალე, თითოეული ლარი დაიხარჯოს ეფექტურად და ყველა დევნილს ჰქონდეს იმის შესახებ ინფორმაცია, რას ხმარდება აფხაზეთის მთავრობის და მასში შემავალი სამინისტროების ბიუჯეტი“, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა განათლებისა და კულტურის ახალი მინისტრის წარდგენისას განაცხადა.
აფხაზეთის მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია აფხაზეთის მთავრობის აპარატის უფროსად დაინიშნა, ხოლო განათლებისა და კულტურის მინისტრის თანამდებობა ბექა ღვაჩლიანმა დაიკავა.
„აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია მთავრობის აპარატის უფროსის პოზიციაზე დაინიშნა, ხოლო განათლებისა და კულტურის მინისტრის პოსტზე წარდგენილი იქნება ბექა ღვაჩლიანი. აღნიშნული ცვლილება განპირობებულია მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის გასაზრდელად.
დავით მორგოშიამ მოკლე პერიოდში განახორციელა მნიშვნელოვანი პროექტები აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში და ურთიერთობა გააღრმავა პარტნიორ ორგანიზაციებთან ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, რისთვისაც მას მადლობას ვუხდი. მთავრობის აპარატიდან ის კიდევ უფრო მეტს შეძლებს, რომ ამ და სხვა სამინისტროების მიმართულებებით გააძლიეროს მუშაობა და მინდა წარმატება ვუსურვო მას ამ მეტად მნიშვნელოვან პოზიციაზე.
რაც შეეხება ბექა ღვაჩლიანს, მას აქვს დიდი გამოცდილება ხალხთან კომუნიკაციის. განათლება მიღებული აქვს სამართალმცოდნეობის მიმართულებით. აქვს საჯარო და კერძო სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება“, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.