“რუსეთსა და აშშ-ს შორის საკმაოდ ინტენსიური კონტაქტები მიმდინარეობს”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ მოსკოვში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის შესაძლო ვიზიტზე დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.
“აშშ-სთან ორმხრივი კონტაქტები ამჟამინდელ მონაკვეთში საკმაოდ ინტენსიურია. მათი დონე და ფორმატები ხშირად თანხმდება სამუშაო რეჟიმში საკმაოდ ოპერატიულად”, – თქვა მარია ზახაროვამ.
მანამდე, სააგენტო Bloomberg-მა და გამოცემა Axios-მა დაწერეს ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, რომ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მიმდინარე კვირაში მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას გეგმავს.
სტივ უიტკოფი რუსეთში თებერვლის დასაწყისში უკვე იმყოფებოდა, რის შემდეგაც რუსეთმა და აშშ-მა პატიმრები გაცვალეს.