დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ისნის რაიონში, ვაზისუბნის დასახლებაში, N5 კორპუსის მიმდებარედ მოწყობილი სკეიტ პარკი და სპორტული მოედანი დაათვალიერა.
სამუშაოები, რომელიც, დაახლოებით, 2 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდა, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა აწარმოვა.
„ვაზისუბნის დასახლებაში კიდევ ერთი კარგი პროექტი განხორციელდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყო სკეიტ პარკი, რომელშიც გათვალისწინებულია თანამედროვე სტანდარტები. ასევე, განთავსდა სპორტული მოედანი. ორივე განათებულია და დიდი პოპულარობით სარგებლობს. აქვე, გასულ წელს დავამთავრეთ პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი. პროექტი ახლაც მიმდინარეობს და წლის ბოლომდე დასრულდება. სასიამოვნოა, რომ ქალაქში უკვე ბევრი სკეიტ მოედანი გაჩნდა. მსგავს მიდგომას და დამოკიდებულებას გავაგრძელებთ მომავალშიც“, – განაცხადა კახა კალაძემ.
აღსანიშნავია, რომ სკეტ პარკისა და სპორტული მოედნის მშენებლობის პროცესში ჩართული იყვნენ უცხოელი ექსპერტები. სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ 2 770 000 ლარი შეადგინა.
დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე მერის მოადგილეები – ანდრია ბასილაია და ირაკლი ბენდელიანი, ასევე, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, ისნის გამგებელი დავით ხაბეიშვილი და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები იმყოფებოდნენ.