დღესათვის საქართველოში ჯანდაცვის სისტემაში სერიოზული რეფორმები მიმდინარეობს, რომელიც პაციენტის უფლებების ჯეროვნად დაცვასა და სამედიცინო დაწესებულებების საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებას ემსახურება. ჯანდაცვის სამინისტროს ამგვარი მიდგომა, რასაკვირველია, სამედიცინო სფეროში არსებული მთელი რიგი პრობლემებით არის გამოწვეული. ქვეყანაში პაციენტებსა და სამედიცინო პერსონალს შორის დაძაბული ურთიერთობის დასტურია ბოლო წლებში საგრძნობლად მომატებელი სამედიცინო დავების რიცხვიც. რა ხდება პაციენტთა უკმაყოფილებისა და სამედიცინო დავების მიზეზი, რა ბერკეტები აქვთ პაციენტებს საკუთარი უფლებების დასაცავად, რას ავალდებულებს საქართველოს კანონმდებლობა მედიცინის მუშაკებს ან რა ნაბიჯებია გადასადგმელი აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად – ამ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ადვოკატი, სამართლის დოქტორი, პროფესორი, „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ თავმჯდომარე ნინო ლიპარტია გვესაუბრება.
– ქალბატონო ნინო, ბოლო წლებში სამედიცინო დავების რიცხვის ზრდაზე მიუთითებს სამედიცინო დაწესებულებების და ექიმების წინააღმდეგ მასმედიაში თუ სოციალურ მედიაში გაშუქებული უკმაყოფილო პაციენტთა ისტორიები. რამდენად ხშირად მიმართავენ უკმაყოფილო პაციენტები სასამართლოს საკუთარი უფლებების დასაცავად და ძირითადად რა ნაწილში ირღვევა პაციენტთა უფლებები?
– უპირველესყოვლისა, მადლობას ვუხდი გაზეთ „ასავალ-დასავალს“ ამ მეტად აქტუალური თემით დაინტერესებისათვის. მასმედიას უდიდესი როლი ენიჭება მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების საკითხში. ვფიქრობ, რომ მედიაში სამედიცინო სამართლის ძირითადი ასპექტების სწორად გაშუქებამ და საკუთარი უფლებების შესახებ ინტერსიურად ინფორმაციის მიწოდებამ, როგორც ექიმებისათვის ასევე პაციენტებისათვის შესაძლოა ერთობ დადებითი შედეგი გამოიღოს მათი ურთიერთობის დარეგულირების საქმეში.
მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით ბოლო 5 წელიწადში პაციენტების მხრიდან კლინიკების მიმართ სასამართლო დავების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ამის მიზეზი კი ხშირად საექიმო შეცდომები ან პაციენტსა და კლინიკას შორის არაჯეროვანი კომუნიკაციაა. სამედიცინო მომსახურების დროს დაშვებული შეცდომები, პაციენტის უფლებების დარღვევა და პაციენტის უკმაყოფილება ყველაზე ხშირად სწორედ არასაკმარის/არასწორ კომუნიკაციას უკავშირდება, რომლის დარღვევის შემთხვევაში სამედიცინო პერსონალი ავტომატურად არღვევს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პაციენტის უფლებებს.
– საქართველოს კანონმდებლობით ყველა პაციენტს აქვს უფლება, დეტალური ინფორმაცია მიიღოს მისთვის ჩასატარებეული გამოკვლევებისა თუ მკურნალობის მეთოდების შესახებ?
– რასაკვირველია. პაციენტს საქართველოს კანონმდებლობით აქვს უფლება, ექიმისგან მიიღოს სრულყოფილი და ამომწურავი პასუხები მისთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე. ასევე, მან აუცილებლად წინასწარ უნდა იცოდეს ოპერაციული ჩარევის, დაგეგმილი მკურნალობის ან მოსალოდნელი შედეგების შესახებ. ინფორმირებული თანხმობა გულისხმობს პაციენტის ან მისი ნათესავის, ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობას პაციენტისათვის საჭირო სამედიცინო ჩარევის ჩატარებაზე, მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის ამ ჩარევასთან დაკავშირებული რისკის განმარტების შემდეგ, მისთვის გასაგებ ენაზე.
– რა შემთხვევაში უნდა მოვითხოვოთ ექიმისგან დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია წერილობითი თუ ზეპირი ფორმით? ხშირად პაციენტები განაწყენებული არიან სამედიცინო პერსონალზე სწორედ არაჯეროვანი კომუნიკაციის გამო…
– საქართველოს კანონში პაციენტთა უფლებების შესახებ მესამე თავი სწორედ ინფორმაციის მიღების უფლებას ეთმობა. პაციენტს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების გამწევისაგან მიიღოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია: სამედიცინო მომსახურების არსებული რესურსებისა და მათი მიღების სახეების, საფასურისა და ანაზღაურების ფორმების შესახებ, განზრახული პროფილაქტიკური, დიაგნოსტიკური, სამკურნალო და სარეაბილიტაციო მომსახურების, მათი თანმხლები რისკისა და შესაძლო ეფექტიანობის შესახებ, სამედიცინო გამოკვლევების შედეგების შესახებ, განზრახული სამედიცინო მომსახურების სხვა, ალტერნატიული ვარიანტების, მათი თანმხლები რისკისა და შესაძლო ეფექტიანობის შესახებ, განზრახულ სამედიცინო მომსახურებაზე განცხადებული უარის მოსალოდნელი შედეგების შესახებ, დიაგნოზისა და სავარაუდო პროგნოზის, აგრეთვე მკურნალობის მიმდინარეობის შესახებ, სამედიცინო მომსახურების გამწევის ვინაობისა და პროფესიული გამოცდილების შესახებ.
არსებობს მთელი რიგი სამედიცინო ჩარევები, სადაც ექიმს მოეთხოვება პაციენტის არათუ ზეპირი არამედ წერილობითი ინფორმირება.
– ქალბატონო ნინო, რა შემთხვევაში არის აუცილებელი წერილობითი ინფორმირებული თანხმობა პაციენტისგან?
– სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებელი პირობაა პაციენტის, ხოლო მისი მცირეწლოვანების ან მის მიერ გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში − პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობის მიღება. ინფორმირებული თანხმობის მიღება აუცილებლად უნდა უძღოდეს წინ სამედიცინო მომსახურების გაწევას. წერილობითი ინფორმირებული თანხმობა აუცილებელია შემდეგი სამედიცინო მომსახურების გაწევისას: ნებისმიერი ქირურგიული ოპერაცია, გარდა მცირე ქირურგიული მანიპულაციებისა, აბორტი, ქირურგიული კონტრაცეფცია – სტერილიზაცია, მაგისტრალური სისხლძარღვების კათეტერიზაცია, ჰემოდიალიზი და პერიტონეული დიალიზი, ექსტრაკორპორული განაყოფიერება, გენეტიკური ტესტირება, გენური თერაპია, სხივური თერაპია, ავთვისებიანი სიმსივნეების ქიმიოთერაპია და ყველა სხვა შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების გამწევი საჭიროდ თვლის წერილობით ინფორმირებულ თანხმობას.
– რა კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი იმისათვის, რომ პაციენტებს და ექიმებს შორის დაძაბული ურთიერთობა დარეგულირდეს და მაქიმალურად აღდგეს ნდობა სამედიცინო დაწესებულებების მიმართ?
– სამედიცინო მომსახურეობის ხარისხის ნაწილზე ვერ ვისაუბრებ, ვინაიდან ჩემი კომპეტენციის ფარგლებს სცდება. რასაკვირველია, იმისათვის, რომ პაციენტი კმაყოფილი იყოს სამედიცინო მომსახურებით, მას კლინიკაში უნდა დახვდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, პროფესიონალი და კეთილგანწყობილი პერსონალი. მეორეა საკანონმდებლო დონეზე ამომწურავად დარეგულირდეს ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა. აუცილებელია მედიცინისა და სამართლის ყველა სასწავლო პროგრამაში, სწავლების ყველა საფეხურზე სტუდენტებს კარგად შევასწავლოთ სამედიცინო სამართლის მნიშვნელოვანი და აქტუალური ასპექტები. ინფორმირებული თანხმობის არსი, პაციენტის ავტონომიის უფლება და ა.შ. დაახლოებით 5 წლის წინ ჩემი ინიციატივით ერთ-ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე შევქმენი სამედიცინო სამართლის კურსი. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში კი მედიცინის პროგრამაზე ჩემს მიერ შეიქმნა მედიცინის სამართლის სასწავლო კურსი მომავალი ექიმებისთვის. აღნიშნულ კურსზე სტუდენტების ინტერესი ძალიან დიდია.
გასული წლის 15 ივნისს ჩვენმა ორგანიზაციამ – „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის“ პარტნიორ ორგანიზაციასთან „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციასთან“ ერთად ჩაატარა „სამედიცინო სამართლის კონგრესი, რომელმაც მედიკოსებისა და იურისტების წრეში უდიდესი ინტერესი გამოიწვია. ჩვენი მიზანია სამედიცინო სამართლის პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზებზე ერთობლივი მუშაობა. ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ მიერ ჩატარებეული კვლევის შედეგებს თუ გავითვალისწინებთ სამედიცინო ისტორიაში ჩადებული არასრულად შევსებული ინფორმირებული თანხმობა დღესათვის მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს. კვლევები ადასტურებს, რომ ხშირ შემთხვევაში პაციენტებს არ აქვთ მიწოდებული მისთვის გასაგებ ენაზე ჩასატარებული სამედიცინო მომსახურების შესახებ სათანადო ინფორმაცია. მნიშვნელოვანია, ჩატარდეს კვლევა სამედიცინო დაწესებულებებში, იმის დასადგენად, თუ რა ცოდნას ფლობს სამედიცინო პერსონალი საკუთარი უფლება-მოვალეობებისა ან პაციენტთა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების შესახებ.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მასმედიის ჩართულობას და აღნიშნული თემის პოპულარიზაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების საკითხში. პაციენტმა, რომელიც ექიმთან მიდის უნდა იცოდეს რისი უფლება აქვს მინიჭებული საქართველოს კანონმდებლობით.
აღნიშნულ პრობლემატიკაზე აკეთებს აქცენტებს ასევე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროც. კერძოდ კი, 2024-2025 წლების პაციენტის უსაფრთხოების პროგრამაში ხაზგასმულია, რომ მნიშვნელოვანია პროფესიული ასოციაციების ჩართულობა, პაციენტის უსაფრთხოების საკითხების საგანმანათლებლო კურიკულუმებში ასახვა და ჯანდაცვის პერსონალის განათლების და უნარ-ჩვევების გაუმჯობესების წახალისება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამედიცინო პერსონალი უკეთ ერკვეოდეს, კანონმდებლობით განსაზღვრულ, როგორც საკუთარ უფლება-მოვალეობებში, ასევე პაციენტის უფლებებში!
ესაუბრა მეგი საჯაია
„ასავალ-დასავალი“