არჩილ გორდულაძე: სახელმწიფო უმკაცრესი იქნება ყველას მიმართ ვინც გაბედავს, რომ ნარკოტიკების რეალიზაციას შეუწყოს ხელი

პასუხისმგებლობა ნებისმიერი ნარკოტიკის რეალიზაციისთვის იქნება უმკაცრესი, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ანტინარკოტიკულ რეფორმასთან დაკავშირებით.
„ადამიანი, რომელიც გაასაღებს ანუ მატერიალურ სარგებელს, თანხას მიიღებს იმაში, რომ ნარკოტიკი გაყიდოს, ამისთვის პასუხისმგებლობა იქნება უმკაცრესი ნებისმიერ ნარკოტიკთან დაკავშირებით. ვინც კი გაბედავს, რომ ნებისმიერი ფორმით რეალიზაციას შეუწყოს ხელი, გაყიდვას შეუწყოს ხელი ან ხელი დააფაროს, ამ ადამიანების მიმართ კანონმდებელიც, მათ შორის, პოლიციელიც, პროკურორიც და მთლიანად სახელმწიფო, უმკაცრესი იქნება. ფიგურულად რომ ვთქვათ, პირდაპირ ძირში დაეჭრებათ ის ხელები, რომლითაც ცდილობენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ნარკორეალიზაციას შეუწყონ ხელი.
მომხმარებელს სამი წლის განმავლობაში აეკრძალება მართვის მოწმობა. ნებისმიერ მართვის მოწმობაზე არის საუბარი, ხოლო ხუთი წლის განმავლობაში აეკრძალება პედაგოგიური საქმიანობა, საჯარო სამსახურში თანამდებობა იქნება, თუ საქმიანობის უფლება. თუ კონკრეტული მოქალაქე არც პოლიციელს არ გაჰყვება შესამოწმებლად და არც თვითონ არ წარადგენს შესაბამის დასკვნას, ეს ყველაფერი ჩაითვლება, როგორც თავის არიდება შემოწმებაზე და ზუსტად იგივე სახდელები და სანქცია იქნება, როგორიც ექნება მომხმარებელს“, – განაცხადა გორდულაძემ.
სახელისუფლებო გუნდი ცვლილებებს ამზადებს, რომლებიც სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, ასევე სხვა კანონებში შევა. დაგეგმილია ყველა სახის ნარკოტიკის გაყიდვისთვის სასჯელის გამკაცრება, ასევე გადაიხედება ზომები ნარკოტიკების მოხმარების ფაქტებზეც.