ზვიად გაჩეჩილაძე: საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო ორმხრივი შეხვედრები რუმინულ მხარესთან, რათა შავი ზღვის კაბელის პროექტის განხორციელების ნაწილში შავი ზღვის ფსკერის კვლევის დაწყებაზე გვემსჯელა

მწვანე შუა დერეფნის მინისტერიალზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იყო განხილული, მათ შორის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის პროექტის განხორციელება ძალოვან კაბელის პროექტთან ერთად, – განაცხადა სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის საბჭოს წევრმა ზვიად გაჩეჩილაძემ.
„რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ მინისტერიალზე. მათ შორის ერთ-ერთი იყო ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის პროექტის განხორციელება ძალოვან კაბელის პროექტთან ერთად. კომპანიებმა მათ შორის მინისტრებმა იმსჯელეს აღნიშნულთან დაკავშირებით და ის იქნება სამომავლოდ პროექტის ნაწილი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის ორმხრივი შეხვედრები რუმინულ მხარესთან, რათა შავი ზღვის კაბელის პროექტის განხორციელების ნაწილში შავი ზღვის ფსკერის კვლევის დაწყებაზე გვემსჯელა, რისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება კონკრეტული ნებართვები“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ბულგარეთიც შეუერთდა. ეს არის პროექტი, რომელმაც ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტიები მთელ ევროპას უნდა მისცეს. ქალაქ ბუდაპეშტში, მწვანე შუა დერეფნის მინისტერიალის პლენარული სხდომა გაიმართა, რომელშიც საქართველოს, უნგრეთის, აზერბაიჯანის, რუმინეთის და ბულგარეთის მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სამიტზე მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი სფეროები განიხილეს.