ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი „მაკკეინის ინსტიტუტის“ პროგრამების დირექტორის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ლორა თორნტონი „დიფ სთეითის“ მსახურია.
„ლორა თორნტონი პირდაპირ „დიფ სთეითის“ მსახურია. ეს სრულიად აშკარა არის, ვინაიდან ბატონი ტრამპი დაუპირისპირდა „დიფ სთეითს“. რა სიტყვებით ლანძღავს იგი თავისი ქვეყნის პრეზიდენტს, ეს ყველამ კარგად ვიხილეთ. ლორა თორნტონი საქართველოს მიმართ გამოირჩევა ძალიან დესტრუქციული დამოკიდებულებით. რამდენიმე თვის წინ, მისი პირველი განცხადება იყო, როდესაც აქციები ახალი დაწყებული იყო, რომ ძალიან გულდაწყვეტილი არის იმითი, რომ მსხვერპლი ვერ იხილა აქციებზე. მანამდე იგი იყო იმ გაიდლაინის ავტორი, რომელიც ოპოზიციას გადასცა, რომელი გაიდლაინის მიხედვითაც სამოქალაქო დაპირისპირებაში უნდა გადასულიყო საპროტესტო აქციები.
ეს ქალბატონი არის მტრულად განწყობილი ჩვენი ქვეყნის მიმართ, ემსახურება პირდაპირ „დიფ სთეითს“. მის რჩევებსაც ვინც ითვალისწინებს, რა თქმა უნდა, ისინიც უკვე ჩვენი ლოკალური აგენტები არიან და აღსანიშნავია, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი სწორედ თორნტონის ორგანიზაციის სტიპენდიატია“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
„მაკკეინის ინსტიტუტის“ პროგრამების დირექტორი და რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი ინსტრუქტორი ლორა თორნტონი სოციალურ ქსელში აქციის ფოტოს აზიარებს და წერს, რომ ბოლო ბასტიონები ახლა მედია და სამოქალაქო საზოგადოებაა.