leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: მიღებული აქვთ ინსტრუქცია, რომ სალომე ზურაბიშვილი ლიდერად აღიარონ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ძველი თუ ახალი „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს მიღებული აქვთ ინსტრუქცია, რომ სალომე ზურაბიშვილი ლიდერად აღიარონ.

მისივე თქმით, ზურაბიშვილმა ლიდერის პოზიცია კარგად შეიფერა და გამოაცხადა, რომ მისი ქოლგის ქვეშ შეგროვდება ყველა, ვინც ადრე მას უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებდა და რუსეთის აგენტს უწოდებდა. გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილით მიშა სააკაშვილის ჩანაცვლების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს.

„სალომე ზურაბიშვილის მიმართ ბილწსიტყვაობა იყო ძველი თუ ახალი „ნაცმოძრაობის“ ლიდერების მხრიდან. მათგან ყველაზე რბილი იყო სააკაშვილის შეფასება, რომელმაც „წუნკალი დედაკაცი“ უწოდა. წარმოიდგინეთ, მასზე ასეთი რამ თქვეს და ახლა ზემოდან მიღებული აქვთ ინსტრუქცია, რომ სალომე ზურაბიშვილი ლიდერად აღიარონ. შეუქმნეს ქარტია, რომლის მიხედვითაც, არჩევნები უნდა ჩატარდეს ისე, რომ ამაში „ქართული ოცნება“ და არცერთი სახელმწიფო სტრუქტურა არ იღებდეს მონაწილეობას, გარდა იმ ჯგუფებისა, რომლებიც უცხოეთიდან ჩამოვიდოდნენ. ასეთი იდეა ჰქონდათ და ამ იდეას სათავეში ჩაუყენეს სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ლიდერის პოზიცია კარგად შეიფერა და გამოაცხადა, რომ იგი ქოლგას გაშლის და ამ ქოლგის ქვეშ შეგროვდება ყველა, ვინც გუშინ მას უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებდა, რუსეთის აგენტს უწოდებდა, ისინიც, ვინც სხვა ადამიანები დაჩაგრეს და სისხლში აქვთ ხელები გასვრილი.

მან ზურგი შეაქცია იმ ადამიანებს, რომლებმაც ის პრეზიდენტად მოიყვანეს, აირჩიეს. სალომე ზურაბიშვილით მიშა სააკაშვილის ჩანაცვლების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს, რაც მცდელობებია. ან ერთი რად ღირს, ვის ჯგუფშიც გაერთიანდა, ამ სისხლიანი და თაღლითი ადამიანების გუნდში, თავად რად ღირს, ან მისი სიტყვა? ეს არის ადამიანი, რომელიც თითქოს იბრძოდა, თითქოს მას ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს, გალანძღეს და დღეს თავისი ფუფალას ქოლგით გამოჭენებულია პოლიტიკურ ასპარეზზე. ეს რად ღირს საერთოდ? სააკაშვილი დღეს სულიერად უნდა იყოს გადანაცვლებული სალომე ზურაბიშვილში. ეს არის იდეა და ამას რამდენად შეასრულებენ, რასაკვირველია, დიდი კითხვის ქვეშაა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

ასევე იხილეთ