leaderboard_below_slide
left_sabechdi

მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ-ს 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებასთან დაკავშირებით, რუსეთთან კონტაქტი დღეს ექნება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ-ს 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებასთან დაკავშირებით, რუსეთთან კონტაქტი დღეს ექნება. ამის შესახებ რუბიომ ირლანდიაში განაცხადა, სადაც ის საუდის არაბეთიდან ჩავიდა.

სახელმწიფო მდივნის თქმით, რუსულ მხარესთან მრავალი კონტაქტი იქნება.

„ჩვენ ყველა მოუთმენლად ველოდებით რუსეთის პასუხს და მოვუწოდებთ მათ დაჟინებით, განიხილონ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა, რომ ადამიანების მკვლელობა, ტყვიების სროლა შეწყდეს და დაიწყოს პროცესი მუდმივი მშვიდობის მისაღწევად. ვფიქრობ, პირველი ნაბიჯი არის იმის გაცნობიერება, რომ ამ კონფლიქტის სამხედრო გზით დარეგულირება შეუძლებელია. ვერც ერთი მხარე ვერ შეძლებს სამხედრო გზით მათი მაქსიმალისტური მიზნების მიღწევას. ამ კონფლიქტის დასრულების ერთადერთი გზა არის მოლაპარაკებები. ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც შეიძლება, გვქონდეს მშვიდობა. ასე, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ პროცესი და რთულია პროცესის დაწყება, როდესაც ადამიანები ერთმანეთს ესვრიან და ადამიანები იხოცებიან.

ასე რომ, ჩვენ ვიმედოვნებთ, ამ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას შევძლებთ და დავსხდებით მოლაპარაკებების მაგიდასთან სადაც ორივე მხარე გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბევრი მუშაობის შედეგად ორმხრივად მისაღებ შედეგს მიაღწევს, რაც უკრაინის შემთხვევაში უზრუნველყოფს გრძელვადიან კეთილდღეობას და უსაფრთხოებას“, – თქვა რუბიომ.

ასევე იხილეთ