“მიიღებს თუ არა ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ამაზე წინასწარ პროგნოზის გაკეთება რთულია. როგორი დავალებაც წამოვა გარედან, ისე იმოქმედებენ”, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის საკითხზე საუბრისას გადაცემა „დღის ქრონიკაში“.
„რადიკალურ ოპოზიციას, რა თქმა უნდა, ურჩევნია, რომ რაღაცა მოგონილი საბაბებით ამ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს რადგან იციან, რომ რადიკალურად არის შემცირებული მათი რეიტინგი, ვინაიდან გაუწბილეს იმედები თავიანთ ამომრჩეველს პარლამენტში მუშაობაზე უარის თქმით, კიდევ მეტი დესტრუქცია შემოიტანეს. ვერ მოახდინეს რევოლუცია ჩვენს ქვეყანაში, ახლა ისინი ცდილობენ, რომ ქვეყანაში გამოიწვიონ ეკონომიკური დესტაბილიზაცია. მათი ამომრჩეველი ამას რომ უსმენს, ფიქრობს ვის მივეციო ხმა, რად მინდა ქვეყანაში ეკონომიკური დესტაბილიზაცია.
მადლობა ღმერთს ვვითარდებით და მეოთხე წელია უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა გვაქვს. რა დაპირებაც გვაქვს, აუცილებლად შევასრულებთ იმას, რომ უმუშევრობა და სიღარიბე იქნება 4%-ზე ნაკლები ამ ქვეყანაში.
ოპოზიციას, რა თქმა უნდა, ურჩევნია, რომ თავი არ მოიჭრას და რეალური რეიტინგი არ გამოაჩინოს. ამბობენ, რომ რა აზრი აქვს ამ არჩევნებში მონაწილეობას, წინა არჩევნები გაყალბდაო და ერთი მტკიცებულება ვერავინ ვერ დადო. 400 000 გაყალბებული ხმაო, 100 000 პირადობაო, რუსული სპეცსამსახურების და ირანის სპეცსამსახურების ჩარევაო. ერთი მტკიცებულება ვერავინ ვერ დადო“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.