ამერიკელი ჟურნალისტი და პოლიტოლოგი ჯეფრი სილვერმანი 2001-2003 წლებში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი იყო.
„აგვისტოს ომის დროს ცხინვალში ვიყავი, ვაკვირდებოდი მოვლენებს და დავწერე მოხსენება, რომელიც მეთიუ ბრაიზას გადავუგზავნე. ეს იყო არა საიდუმლო მასალები, არამედ ჟურნალისტური კვლევები. რუსეთ-საქართველოს ომის სავარაუდო სცენარი ბრაიზას ჯერ კიდევ 2005 წელს ჰქონდა. მე კი ორი თვით ადრე ამერიკული ორგანიზაციებისგან “კუბიკისა” და “არჩენჯელისგან” (ყოფილი სამხედროების მიერ დაფუძნებული კერძო კომპანიები) ვიცოდი, ომი რომ დაიწყებოდა. დავით კეზერაშვილის თავდაცვის მინისტრობისას ეს კომპანიები სამხედრო დაგეგმარებასა და წვრთნაში დასახმარებლად დაიქირავეს. ისინი ვაზიანის ბაზაზე იყვნენ განთავსებული. “არჩენჯელის” გაწვრთნილი სნაიპერების ჯგუფი ცხინვალშიც იბრძოდა. სიმართლე გითხრათ, ეს იყო დიდი თამაში და არა ომი. კერძოდ, სარდლობა და სამხედრო მმართველობა იყო გათიშული, დაულაგებელი. საქართველოს შეეძლო ამ ომის მოგება, მაგრამ ეს მიზანმიმართულად არ გაკეთდა.
ომმა ჩამოწერა საქართველოში შემოსული უკანონო იარაღი. ასევე, ომის შემდეგ საქართველოში შემოვიდა დიდი ფული, რომელიც ასევე გაქრა გაურკვეველი მიმართულებით. და საერთოდ – ომი ძალზე ბინძური ბიზნესია. საომარი ოპერაციები შეგნებულად არაპროფესიონალურად იყო წარმართული. მეც სამხედრო ვარ, 6 წელი ვმსახურობდი ამერიკის ჯარში და რაღაც გამეგება. 2008 წელს ვიყავი როგორც ქართულ, ისე ოსურ-რუსულ პოზიციებზე. მე, შედარებით ჩაუხედავ კაცსაც კი უფრო უკეთ შემეძლო ყველაფრის დაგეგმვა. საერთოდ არ არსებობდა სამხედრო დაგეგმვის ცენტრი. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დაიწყო ომი, თუმცა უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება სააკაშვილს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს, კახა ლომაიას და დიმიტრი შაშკინს, ასევე, გიგა ბოკერიას, რომელიც ძალზე საშიში პიროვნებაა”, – განაცხადა სილვერმანმა “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.
წყარო: „კვირის პალიტრა“ 2013 წ. 16 აპრილი