გურამ მაჭარაშვილი: არჩევნებში რა უნდა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც უცხოურ ძალებს გაცხადებულად ემსახურება

“დიდად არ ვნერვიულობ მე და ალბათ, არც საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ რა დაპირისპირებებია და პოლიტიკაში იქნებიან თუ არა. მათი მთავარი დევიზია, რაც უარესი საქართველოსთვის, მით უკეთესი ჩვენთვის, ეს უკვე დაამტკიცეს. ასეთ ძალებს, რა თქმა უნდა, პოლიტიკაში არაფერი ესაქმებათ”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ზუსტად კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ არასერიოზულობაზე მეტყველებს, რომ აქვთ შეუთანხმებლობა, არჩევნები გაყალბდა თუ არა, ზურაბიშვილი ლიდერი იქნება თუ არა და თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებენ თუ არა მონაწილეობას.
„გასაკვირი აქ არაფერია და მათ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ. არჩევნებში რა უნდა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც უცხოურ ძალებს გაცხადებულად ემსახურება და თან ამაყად ამბობს, დიახ, ის ამაყია, რომ უცხოურ ძალებს ემსახურება? რა უნდა პოლიტიკაში „ლელოს“, რომლის ლიდერიც პირდაპირ ამბობს და ამერიკას მიმართავს, საქართველოში შენს ინტერესებს რატომ არ ატარებო? წავიდეს და ამერიკაში მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. თუ ის წინა ხაზზე აყენებს სხვა სახელმწიფოს ინტერესებს – როგორი პარტნიორიც არ უნდა იყოს – ვიდრე თავისას, იმას პოლიტიკურ ველზე საერთოდ რა უნდა? და არა მარტო მას.
აღარაფერს ვამბობ კოლექტიურ „ნაცმოძრაობაზე“, რომლის „განაჩენიც“ – სამართლებრივი დასკვნა გამოვა საგამოძიებო კომისიის მიერ და საზოგადოება კიდევ ერთხელ ნახავს, რომ ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყოს ასეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ოთხ ნაწილად გაყვეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.