უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძე ეხმიანება აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, USAID-ის პროგრამების 83%-ის დახურვასთან დაკავშირებით.
როგორც ჟურნალისტთა ფედერაციაში გამართულ ბრიფინგზე ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა, საქართველოში არსებული არასამთავრობო სექტორი ძირითადად იყო ჩართული პოლიტიკაში და არ ემსახურებოდნენ იმ პროექტების განხორციელებას, რასაც ითვალისწინებს USAID-ის დებულება.
მისივე თქმით, ქართული არასამთავრობოები USAID-ის პროექტებით მიღებულ დაფინანსებას ხელისუფლების დასამხობად იყენებდნენ.
უფლებადამცველი საჭიროდ მიიჩნევს, საქართველოში USAID-ის ისეთი პროექტები შენარჩუნდეს, რომლებიც მოიცავს სოფლის მეურნეობის, სამრეწველო, საგანმანათლებლო და მართლმსაჯულების მიმართულებებს.
“საქართველოში არსებული არასამთავრობო სექტორი ძირითადად იყო ჩართული პოლიტიკაში, ე.წ. ოპოზიციურ სპექტრში და იმით იყვნენ დაკავებულნი, როგორმე საქართველოში არეულობა მოეხდინათ. რამდენჯერმე გადატრიალების მცდელობაც ჰქონდათ. ეს იყო მათი ძირითადი მიზნები და არა ის, რაც USAID-ის დებულებაში წერია, მაგალითად საგანმანათლებლო, სამრეწველო, თუნდაც, სამეურნეო თუ სხვა კუთხით დაფინანსებები. ძალიან კარგი იქნება, თუ ამოქმედდება USAID-ის ის პროგრამები, რომლებიც ჯერ კიდევ დარჩა და რომლებიც ჩვენს გლეხს დაეხმარება სამეწარმეო კუთხით უფრო განვითარებაში. ასევე, მართლმსაჯულებაში მთელი რიგი ტექნიკური საკითხებია მოსაგვარებელი და ამ მიმართულებით თუ დაეხმარება ქვეყანას ძალიან კარგი იქნება. ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორს თუ მართლა სურს, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს, მთელი რიგი დახმარებები არის სოფლის მეურნეობაში, სამრეწველო და საგანმანათლებლო სისტემაში და მართლმსაჯულებაში საჭირო. ამ მიმართულებებით იმედი მაქვს გააგრძელებს თავის საქმიანობას”, – განაცხადა კობაიძემ.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ს ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ შეაჩერებს USAID-ის მეშვეობით უცხოური სახელმწიფოების დახმარების 90%-ზე მეტს. საერთო ჯამში აშშ-ის ხელისუფლებამ შეწყვიტა დაახლოებით 5800 გრანტის მოქმედება, ხოლო USAID-ის 500-ზე მეტი გრანტი შეჩერებულია.