“რადიკალურ ოპოზიციაში ასეთი ხელოვნური გაერთიანება, რის თაობაზეც ზემოდან თუ გვერდიდან უკარნახეს, ვერ შედგება, რადგან სალომე ზურაბიშვილი ის ადამიანი არ არის, ვინც შეიძლება, სიმპათიით ერთ და ან მეორე მხარეს სარგებლობდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„სალომე ზურაბიშვილს ძალიან ცუდი სიტყვები უწოდეს, გალანძღეს და დღესაც ისევ ლანძღავენ. მას დაჩემებული აქვს, რომ ქოლგა მისია, გარშემო ყველას ევროკავშირის რუკით ხელში შემოიკრებს და სახელმწიფოს ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ გაილაშქრებს. ზურაბიშვილს უნდა, რომ ამ დროშით ქუჩაში ირბინოს – ოპოზიციასაც ეს დროშა უნდა. ალეკო ელისაშვილი ამპარტავნებაზე რომ ლაპარაკობს, ცუდია, უზნეობაა, სიყალბე და თაღლითობაა, მაგრამ ეს მისი დამახასიათებელი ნიშანია. შიგნით ფუთფუთია – ერთმანეთს მას შემდეგ კბენენ, რაც დაფინანსების მთავარი რესურსები გამოეცალათ. უნდათ, რომ ამ პოლიტიკური მოძრაობის ზედაპირზე დარჩნენ.
ეს ხალხი ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულთა გუნდია – ერთმანეთზე რას ამბობენ, მნიშვნელობა არ აქვს. თუ საჭირო გახდა და ვიღაცას – „დიფ სთეითი“ იქნება, „გლობალური ომის პარტია“ თუ საქართველოს წინააღმდეგ გარკვეული მიზნებით გაერთიანებული პოლიტიკური სუბიექტი – რასაკვირველია, ამ ხალხს – ბედოვლათებს და მარიონეტებს გამოიყენებს. ერთმანეთზე რას ლაპარაკობენ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ხვალ, თუ საჭირო იქნება, გაერთიანდებიან და ერთმანეთს ხელებს აუწევენ, ვითომ დიდი გამარჯვების გუნდი იყოს შეკრული. ქვეყნის მტრები – სხვა სახელი მათ არ ეწოდებათ“, – განაცხადა ვოლსკიმ.