დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში ის საკითხები განიხილეს, რომელიც წლის დასაწყისში ბიზნეს ასოციაციის მხრიდან გამოითქვა და რომელთა ნაწილი კომიტეტის მიმდინარე წლის გეგმაშია გათვალისწინებული.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მხრიდან 7-8 საინტერესო ინიციატივა გამოითქვა, საიდანაც 3 ინიციატივაზე შევჯერდით და საბოლოო გადაწყვეტილება მივიღეთ. დარჩენილი საკითხები ჩვენი კომიტეტის საქმიანობის დღის წესრიგში არის და ვფიქრობთ, რომ საგაზაფხულო სესიის ფარგლებში გადაწყდება. ზოგადად, ჩვენი კომიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ბიზნესის საჭიროებებს. ბიზნესმა უნდა შეასრულოს მისი მთავარი ფუნქცია – ქვეყანაში დოვლათისა და სამუშაო ადგილების შექმნა, რაც განაპირობებს ეკონომიკის ზრდას. მხოლოდ ძლიერი ეკონომიკა არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის გარანტი და ის განსაზღვრავს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობას”, – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტ სოსო ფხაკაძის განცხადებით, ასოციაცია აგრძელებს შეხვედრებს ბიზნესისთვის საინტერესო საკითხებზე.
„პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გვქონდა. 7-8 საკითხზე ვისაუბრეთ, რამდენიმე საკითხი გადავწყვიტეთ, დანარჩენ ინიციატივებზე მივიღეთ დაპირება, რომ განხილული იქნება. ასეთი ტიპის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ბიზნესის აქტივობის კიდევ უფრო ზრდას, მეტი ინვესტიციების მოზიდვას და სამუშო ადგილების შექმნას. სწორედ ეს არის ჩვენი ორგანიზაციის მიზანი, რომ დავეხმაროთ ჩვენს წევრებს საქმიანობაში, რათა უკეთ განვითარდეს ქვეყანაში ბიზნესი და ეკონომიკა”, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.