„გალათასარაის“ თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი ჯონ ობი მიკელის პოდკასტის სტუმარი იყო, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.
როგორც ნიგერიელმა აღნიშნა, იცოდა, რომ ადრე თუ გვიან კვარა დიდ გუნდში გადავიდოდა.
„კვარასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ის საოცარი ადამიანი და ფეხბურთელია, პსჟ-ში შესანიშნავად თამაშობს. ვიცოდი, რომ კვარაცხელია ადრე თუ გვიან დიდ გუნდში გადავიდოდა, იქნებოდა პსჟ თუ სხვა გუნდი, ეს უბრალოდ დროის საკითხი იყო. მასთან ვისაუბრე, მივულოცე და ვუთხარი, სიამოვნება მიეღო პსჟ-ში თამაშით და რომ ეს დაიმსახურა.
მნიშვნელობა არ აქვს „ნაპოლიში“ რამდენ ტიტულს მოიგებ, მარადონაზე მაღლა დადგომის გზა არ არსებობს. სკუდეტოს მოგებაში ფუნდამენტური როლი სპალეტიმ ითამაშა.
მიმდინარე სეზონის წინ კარგად მომზადება ვერ მოვახერხე, ცოტა ქაოსი იყო, ამიტომ, კვლავ ვცდილობ 100%-ით ფორმაში დაბრუნებას. თუმცა, კლუბი და ჩემი თანაგუნდელები მხარში მიდგანან. „გალათასარაის“ ფანების დახვედრის შემდეგ მივხვდი, რომ ადაპტაცია სწრაფად უნდა გამევლო. აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. ფანებმა გამაკვირვეს, არ მეგონა, თუ აეროპორტში ამდენი ხალხი მელოდებოდა, არ ვიცოდი, ჩემს რეისს თუ აკვირდებოდნენ. აეროპორტის სცენა დაუჯერებელი იყო, თითქმის, ფილმის მსგავსი.
დროგბა? დროგბას თამაშებს ყოველთვის ვუყურებდი. აქ მერტენსიც დამხვდა. დროგბა ჩემთვის ყოველთვის მისაბაძი მაგალითი იყო. ახლა მინდა, „გალათასარაისთან“ ერთად ჩემპიონი გავხდე, ეს ჩემთვის ისტორიული მიღწევა და მოუთმენლად ველოდები სეზონის დარჩენილ ნაწილს“, – განაცხადა ოსიმენმა.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლიში“ ერთად 2022-2024 წლებში თამაშობდნენ და დაუვიწყარი დუეტიც შექმნეს. ნიგერიელი ფორვარდი „გალათასარაიში“ იჯარით თამაშობს და მიმდინარე სეზონში 29 მატჩში 23 გოლი გაიტანა. ზაფხულში „ნაპოლი“ მის გაყიდვას აპირებს, ყველაზე მეტად კი, ვიქტორს პსჟ-ს, „იუვენტუსს“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ უკავშირებენ.