რატი იონათამიშვილი ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე: ის საკანონმდებლო ჩარჩო, რაც აქამდე გაგვაჩნდა, ეფექტურად ვერ ებრძოდა ამ პრობლემას

“ის საკანონმდებლო ჩარჩო, რაც აქამდე გაგვაჩნდა, ეფექტურად ვერ ებრძოდა ამ პრობლემას”, – განაცხადა ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
მან აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ინიციატივები იქნება გამოწვევების ადეკვატური და ექნება შემაკავებელი ეფექტი.
„ის საკანონმდებლო ჩარჩო, რაც აქამდე გაგვაჩნდა, ეფექტურად ვერ ებრძოდა ამ პრობლემას. ჩვენ ვხედავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად იბრძვის ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ და ბოლო დროს არაერთი მნიშვნელოვანი და მასობრივი საქმე გაიხსნა, მაგალითად, ერთ-ერთი საქმე იყო, როდესაც 200 ნარკომოვაჭრე და ნარკოტიკების გასაღებაში ჩაბმული პირის დაკავება მოხდა. ამის მიუხედავად, მაინც საკმაოდ დიდი რესურსი სჭირდებოდა ამ ყველაფერთან ბრძოლას.
ერთ-ერთი დამაბრკოლებელი მექანიზმი იყო სწორედ ის, რომ კანონმდებლობა არ იყო ეფექტური. დღეს, ფაქტობრივად, ნარკოდანაშაული არის ორგანიზებული დანაშაული თავის არსშივე. კანონმდებლობა ამ მიდგომებს არ ცნობდა და ესეც ერთგვარი ხარვეზი იყო. ნებისმიერი კანონი, რომელსაც ვიღებთ, ერთი მხრივ ადეკვატურად და პროპორციულად უნდა პასუხობდეს გამოწვევას, შემაკავებელი ეფექტიც უნდა ჰქონდეს ანუ ორი მთავარი პრინციპია, რომელსაც არსშივე უნდა აკმაყოფილებდეს ინიციატივა. დარწმუნებული ვარ, ეს ინიციატივა ორივე მიმართულებით იმუშავებს. რა თქმა უნდა, ის ერთადერთი შესაძლებლობა და საშუალება არ არის ზოგადად პრობლემის მოგვარების”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
მან ასევე ვრცლად ისაუბრა კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიმართულებაზე – მოხდეს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე.
„ჩვენი მთავარი მიზანი არის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. ამ კონტექსტშიც განვიხილავდი იმ უპრეცედენტო და ისტორიულ ინიციატივას, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს აქვს, როდესაც თბილისსა და რეგიონებში ორი მილიარდი ლარი დაიხარჯება როგორც მაღალი მიღწევების, ასევე მასობრივი სპორტის განვითარებისთვის. დაგეგმილია ინფრასტრუქტურის მოწყობა, რასაც სპორტის სამინისტრო შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად განახორციელებს.
ამიტომ ეს არის მასშტაბური და ისტორიული პროექტი ნამდვილად, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, მათ შორის, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ახალგაზრდებში. რაც უფრო ძლიერია საზოგადოებაში სულისკვეთება ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ, მით უფრო ნაკლებია მიდრეკილება ნარკოტიკებისკენ და მით უმეტეს, ნარკოდანაშაულისკენ. ეს კომპლექსური საკითხია, რასაკვირველია, მაგრამ ის, რომ დღეს სამართლებრივი ჩარჩო არ არის ადეკვატური და პროპორციული იმ შედეგებთან მიმართებაში, რასაც ნარკოდანაშაული საბოლოო ჯამში იწვევს. ამაში ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე დამეთანხმება, ვინც დაინტერესებულია, რომ მათი ოჯახები იყოს უსაფრთხო და დაცული. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებმაც ამ საკითხებშიც კი ნარკოდანაშაულის მხარეს ყოფნა არჩიეს”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.