„საზოგადოება ჟურნალისტებს მტრად აღიქვამს, რაც ჩვენი პროფესიისთვის კატასტროფაა” – ამის შესახებ „საერთო გაზეთს” ესაუბრება საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი.
ბატონო ბონდო, პარლამენტმა „მედიის შესახებ“ კანონი დაარეგისტრირა, რომელიც ბრიტანული კანონმდებლობის ანალოგია. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ამ კანონის მიხედვით, მედიის ობიექტურობა და ჟურნალისტიკის ეთიკის სტანდარტები დადგინდება. ასევე, შეიზღუდება მედიის უცხოური წყაროებიდან დაფინანსება. თქვენ რამდენად ემხრობით ამ კანონს?
– სამწუხაროდ, ბოლო წლებში მასმედიის მიმართ ნდობა გაქრა და მეტწილად, აგრესიული დამოკიდებულება ჩამოყალიბდა. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ, ჟურნალისტების მიმართ პატივისცემა გაქრა და ამის საწინააღმდეგოდ, მათ მიმართ შიში და სიძულვილი გაჩნდა. არადა, წლების განმავლობაში ჩვენი პროფესიის ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჟურნალისტებს პროფესიული ავტორიტეტი შეენარჩუნებინათ. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, თითოეულ გამოქვეყნებულ პუბლიკაციას, ხელისუფლების მხრიდან რეაგირება მოჰყვებოდა ხოლმე. ბოლო ათწლეულები კი, საერთოდ აღარ აქვს მნიშვნელობა, ჟურნალისტი რას იტყვის ან დაწერს. აქ მხოლოდ საზოგადოების დამოკიდებულებას როდი ვგულისხმობ, რომელიც, ჟურნალისტის მიმართ უნდობლობის გამო, არც მის პუბლიკაციას თუ სიუჟეტს ენდობა, ხელისუფლების, სამართალდამცავების დამოკიდებულებაც მკვეთრად შეცვლილია. 90-იან წლებში მოქმედი კანონმდებლობით, თუკი მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავდა, ეს აუცილებლად გამოძიების დაწყების მიზეზი უნდა გამხდარიყო. დღეს მედია იმდენ დეზინფორმაციას ავრცელებს, რომ შეუძლებელია გარკვევა, სად იკვეთება რეალურად სამართალდარღვევის ნიშნები და სად, უბრალოდ, ცილისწამებაა. სამართალდამცავ ორგანოებს ცილისწამების გადამოწმების რესურსი არ გააჩნიათ. ამიტომ ყველაფერი თვითდინებაზეა მიშვებული, – ყველას ყველაფრის უფლება აქვს.
ჩემი აზრით, ცილისწამება კანონით უნდა ისჯებოდეს. პირებმა, ვინც ადამიანის რეპუტაციის შელახვას, დისკრედიტაციას მიზანმიმართულად ცდილობენ, პასუხი უნდა აგონ. დღეს რას ვხედავთ? – ჟურნალისტები კონკრეტული სამიზნეების განადგურებაზე მუშაობენ. ბევრმა ჟურნალისტმა, ვისაც არც სათანადო განათლება აქვს და არც ჟურნალისტურ სტანდარტებზე სმენია რამე, ხელში მახვილი, ანუ მიკროფონი, დიქტოფონი თუ კალამი აიღო და ეს საზოგადოების განადგურებისკენ მიმართა, რამაც მასობრივი ხასიათი მიიღო. სამწუხაროდ, დღეს ჟურნალისტიკა საზოგადოებას დაუპირისპირდა. ამიტომაც არ მიკვირს ის უნდობლობა, რაც ხალხს მის მიმართ აქვს. საზოგადოება ჟურნალისტებს მტრებად აღიქვამს, რაც ჩვენი პროფესიისთვის კატასტროფაა. ნებისმიერ ხელისუფლებას სურს, რომ მასმედიას აღვირი ამოსდოს. პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლას აპირებს, ცდილობს მედიის კეთილგანწყობა მოიპოვოს, რათა ამ უკანასკნელმა მის აღმასვლას ხელი შეუწყოს. თუმცა, ჩვენი კონსტიტუციის და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის პირობებში, მედიის მართვა რთულია.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ ვუჭერ მხარს „მედიის შესახებ“ კანონს. ბოლო წლებში აშკარა გახდა, რომ მედიის საზოგადოებასთან დაპირისპირებამ ჟურნალისტების მიმართ უზარმაზარი აგრესია გააჩინა. აღნიშნული კანონი კი, უპირველესად, საზოგადოების ინტერესების დაცვასაც მოემსახურება და მედიისასაც. როცა სტანდარტებზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებმა გადამოწმებული ინფორმაცია გაავრცელონ, სადაც უტყუარი ფაქტები იქნება მოყვანილი. ასეთი ჟურნალისტის მიმართ მაყურებელს თუ მკითხველს ნდობა ყოველთვის ექნება, მაგრამ როცა ინფორმაციას იგონებ და რეალური წყარო არ არსებობს, აქ ნდობაზე ლაპარაკი ზედმეტია. მაგალითად, „რუსთავი-2“-ს ჰქონდა სლოგანი – „ახალი ამბები კეთდება აქ“. ახალი ამბავი „ნიუსრუმში“ ვერ გაკეთდება, ის უნდა მოხდეს, შემდეგ ჟურნალისტმა მოიპოვოს, აღწეროს, გაავრცელოს და არა – „გააკეთოს“. სამწუხაროდ, ახლა წინა პლანზე სწორედ ახალი ამბების „გამკეთებელი“ ჟურნალისტები არიან წამოწეული. შედეგად, საზოგადოებაში მათ მიმართ ნდობა არ არსებობს.
კიდევ ერთი სერიოზული საფრთხე პოლიტიკური პოლარიზაცია გახლავთ. კერძოდ, ერთმანეთთან დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებს და მათ მხარდამჭერებს არა მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის თანამგრძნობი ტელევიზიები და ჟურნალისტები სძულთ, არამედ ამ მედიასაშუალებებში მიწვეული სტუმრებიც. საბოლოოდ, პოლიტიკურმა დაპირისპირებამ, ჟურნალისტების ინსტრუმენტალიზაციამ, პოლიტიკური პარტიების მიერ ტელევიზიებში უზარმაზარი ფულის ჩაყრამ და, შესაბამისად, მათი აგიტაცია-პროპაგანდის საშუალებებად გადაქცევამ, სრულიად მედიის დეგრადაცია გამოიწვია. ეს არასწორი გზაა. ტელევიზიები კონკრეტული პოლიტიკური ძალების ღია მხარდამჭერები არიან. ამ პირობებში მედიის ობიექტურობაზე საუბარი ზედმეტია. უფრო მეტიც, ჟურნალისტები აქტივისტებად იქცნენ და „ტექნიკური მთავრობის“ შექმნასაც კი ცდილობდნენ.
კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი პრობლემაა უცხოური დაფინანსება. გასაგებია, რომ უცხოური გრანტებით დაფინანსებული მედიასაშუალებები ხელისუფლების და პოლიტიკური პარტიების გავლენას ნაკლებად, ან საერთოდ არ განიცდიან, მაგრამ რა იმალება ამ „საერთაშორისო ალტრუიზმის“ მიღმა? ვინ ცდილობს მედიის საკუთარ სამსახურში ჩაყენებას და უცხოეთის რომელი ქვეყნის სპეცსამსახურების ყურადღების არეალშია მოქცეული ეს პროცესი? ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა ხელისუფლებასაც მოეთხოვება, რადგან ისტორიამ მიზანმიმართულად დაფინანსებული მედიის სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ გამოყენების არაერთი ფაქტი იცის.
ერთადერთი მედიასაშუალება, რომელსაც კანონის თანახმად მიუკერძოებლობა მოეთხოვება და შესაბამისი სტანდარტების დაკმაყოფილებას მაქსიმალურად ცდილობს, „საზოგადოებრივი მაუწყებელია“. ამ არხის ჟურნალისტს შესაძლოა, ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მიმართ სიმპათია-ანტიპათია ჰქონდეს, მაგრამ სატელევიზიო ეთერში წამყვანის, პროდიუსერის, გენერალური დირექტორის, სამეურვეო საბჭოს წევრის და ა. შ. განწყობების ასახვა დაუშვებელია. მეც სამეურვეო საბჭოს წევრი ვარ და კარგად მესმის, რომ გადაცემების მომზადებაში არ უნდა ჩავერიო. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დაფინანსების წესი ამ არხის ჟურნალისტებს გარკვეულ თავისუფლებას ანიჭებს. რაც შეეხება სხვა ტელევიზიებს, ამ მხრივ კატასტროფული ვითარებაა. მათი მესვეურები ღიად საუბრობენ, რომელ პოლიტიკურ ძალას უჭერენ მხარს. კარგი იქნება, „გირჩის“ მსგავსად, სხვა პოლიტიკურ ჯგუფებსაც ღიად პარტიული ტელევიზიები თუ ექნებათ. ასე მაყურებელსაც ეცოდინება, რომ ამ ტელევიზიებში კონკრეტული პარტიების პოლიტიკური ლიდერები იქნებიან მიწვეულნი. პირადად მე ასეთი გულწრფელობა მირჩევნია, ვიდრე ის, რომ ობიექტურობის საფარქვეშ დეზინფორმაციას გვაწვდიდნენ, რაც ფართო მაყურებელში სერიოზულ დეზორიენტირებას იწვევს. თუმცა, ბოლო წლებში, ჟურნალისტები საზოგადოების დეზინფორმაციით გამოკვებას ვეღარ ახერხებენ, ხალხმა ტყუილ-მართლის გარჩევა ისწავლა. მთელი საზოგადოების მოტყუება უკვე შეუძლებელია. თუმცა, აქვე მეორე უკიდურესობა მივიღეთ. როგორც ნათქვამია, ადამიანს ვინც მოსწონს, მისთვის ლამაზიც ის არისო. ანალოგიურად, ვისაც მხარს უჭერენ, მათთვის სანდო ინფორმაციასაც ის ავრცელებს, რაც საზოგადოებაში დაპირისპირების გაღრმავებას ხელს მეტად უწყობს. შედეგად, ვერსად ნახავთ ადგილს, სადაც შეიძლება ადამიანებმა ერთმანეთში განსხვავებული მოსაზრებები გაცვალონ და, თუნდაც მწვავე კამათის ფონზე, საერთო აზრამდე მივიდნენ. ამ პროცესს ხელს უწყობენ პოლიტიკოსები და მედიასაშუალებები, რომლებიც ტელეეთერებიდან წარმოუდგენელ სიყალბეს ავრცელებენ და ამას მიუკერძოებელ ჟურნალისტიკად წარმოაჩენენ. თუკი მედიის კანონი ამ ყველაფერს მოაწესრიგებს, უპირველესად, ჟურნალისტებისთვის იქნება სასარგებლო, საზოგადოებასაც ძალიან წაადგება და პოლიტიკურ პროცესსაც მნიშვნელოვნად გააჯანსაღებს.
– „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ დაკავშირებით, ჩემთან მის ყოფილ ჟურნალისტებს არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ ოცნებობენ, ეს არხი რეალურად ხალხის კუთვნილება გახდეს. ფაქტია, დღეს მას დიდი რეიტინგი არ აქვს…
– როცა მეურვედ ამირჩიეს, ბევრი გამოთქვამდა მოსაზრებებს, თუ როგორი უნდა იყოს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“. რამდენიმეთვიანი დაკვირვების მერე, დავასკვენი, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ერთგვარი „მულტიფუნქციური რესტორანია“, სადაც ყველა სახის სატელევიზიო პროდუქტი მზადდება – პოლიტიკური, ეკონომიკური, შემეცნებითი, გასართობი, სპორტული და სხვა. ასევე, გარედან სტუდიური პროდუქტის შესყიდვაც სავალდებულოა. მისი არსი, სამწუხაროდ, ძალიან ცოტას ესმის, რაც სერიოზული პრობლემაა. პოლიტიკურ პარტიებს და ცალკეულ ჯგუფებს საკუთარი „მენიუ“ მოაქვთ, ეს ტელევიზია კი კანონით დაწესებულ მოთხოვნებს, ვალდებულებებს ასრულებს.
რაც შეეხება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ რეიტინგს, ის მაღალი ვერასდროს იქნება. დააკვირდით ამ არხის და იმ ტელევიზიების პროდუქტს, რომელთაც მაღალი რეიტინგი აქვთ. მაგალითად, მმართველი პარტიის მხარდამჭერ ტელევიზიას – „იმედს“ მაღალი რეიტინგი აქვს, რაც ნიშნავს, რომ მას ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს. ამავდროულად, ეს ირიბად ნიშნავს, რომ ხელისუფლებას უფრო ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე სხვა დანარჩენ პარტიებს. ოპოზიციური ტელევიზიის რეიტინგები რომ შევადაროთ, ეს იმ შედეგებს უახლოვდება, რაც არჩევნებში მათ მიერ მხარდაჭერილმა პარტიებმა მიიღეს. ეუთო/ოდირმა თავის დასკვნაში აღნიშნა, რომ არჩევნების გაშუქების დროს, აბსოლუტურად ყველა ტელევიზია მიკერძოებული იყო. მათგან ერთადერთი „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ გამოირჩეოდა, რომელიც ყველა პარტიის პოლიტიკურ აქტივობას აშუქებდა. დასკვნაში აღინიშნა ისიც, რომ მმართველი პარტია უფრო მეტად ჩანდა. ეს განპირობებული იყო იმით, რომ „ქართული ოცნება“ მმართველი პარტიაა და და წინასაარჩევნო პერიოდში აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაც აქტიურად შუქდებოდა. ასე რომ, მიუკერძოებლობიდან გამომდინარე, ამ არხისადმი ნდობა უფრო მაღალია. დიახ, ნდობა მაღალია, მაგრამ რეიტინგი – არა. ეს განპირობებულია იმით, თუ საზოგადოების რა ნაწილი რომელ პოლიტიკოსებს უჭერს მხარს.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით ყველა სარგებლობს, ინფორმაციის გავრცელებაც ყველას შეუძლია სხვადასხვა პლატფორმებზე, მაგრამ მიუკერძოებელი ინფორმაციის გავრცელებასა და დეზინფორმაციის აღკვეთაზე პასუხისმგებლობა რედაქციებს აკისრიათ. თუ გვინდა, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიმართ ნდობა გაიზარდოს, შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ. მაგალითად, როცა გარკვეულ პროცესში უშუალოდ ვმონაწილეობ და მერე ვხედავ, რომ ამა თუ იმ მედიასაშუალებამ აღნიშნული ფაქტი სწორედ ისე გააშუქა, როგორც ადგილზე ყოფნისას პირადად ვიხილე, ასეთი გაზეთის, ტელევიზიის თუ ონლაინ-გამოცემის მიმართ ნდობა მიჩნდება. სწორედ ასე წვეთ-წვეთობით, ინდივიდების ნდობიდან ჩნდება საზოგადოების ნდობა მედიის მიმართ.
მაგალითად, ახლახან ბაკურიანში „EYOF-2025“ – ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიმართა. საქართველოში 49 ქვეყნის დელეგაცია, 2000 სტუმარზე მეტი და 1000-მდე სპორტსმენი ჩამოვიდა, რადიკალურ მედიას კი ეს მოვლენა საერთოდ არ გაუშუქებია. არადა, ეს უმნიშვნელოვანესი ღონისძიება იყო. ასეთი მოვლენის იგნორირების მერე, როგორღა დავიჯეროთ, რომ ეს ტელევიზიები მიუკერძოებელნი არიან?! ისინი პოზიტიურ მოვლენებს საერთოდ არ აშუქებენ, რადგან ჰგონიათ, რომ ამით ქულებს ხელისუფლება ჩაიწერს. სინამდვილეში, ამით ხომ ქვეყანამ მიიღო სარგებელი. საქმეს თუ ქვეყნის და ადამიანის სიყვარულით არ აკეთებ, ასე არაფერი გამოვა. ზოგადად, უპირველესად, სამი პროფესიის წარმომადგენელს მოეთხოვება ადამიანის სიყვარული – ექიმს, მასწავლებელს და ჟურნალისტს. ანუ, ეს არის ფიზიკური გადარჩენა, სულიერი აღზრდა და ინფორმირება, რაც დროსა და სივრცეში პიროვნების სწორად ორიენტირებას იწვევს. აი, ამის ხელშეწყობას ცდილობს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“. მუდმივი დეზინფორმაციის პირობებში ადამიანები სწორ არჩევანს ვერ აკეთებენ, რაც ჟურნალისტთა დიდ ნაწილს არ ესმის, სამწუხაროდ, ნაწილს კი ესმის და, რაც კიდევ უფრო უარესია, მიზანმიმართულად ცდილობს სიყალბის გავრცელებას. კი ბატონო, ყველას თავისი არჩევანი აქვს, მაგრამ ამით ქვეყანას არ უნდა უმტროს, არ დააზიანოს. როცა ხალხის მოტყუებას მიზანმიმართულად ცდილობ, ეს საზოგადოების წინაშე დანაშაულის ჩადენის ტოლფასია.
– თქვენ ახსენეთ, რომ ადრე ჟურნალისტის პროფესია პრესტიჟული იყო. ახლა კი, როცა ერთ-ერთ ტელევიზიაში ჩემი ჟურნალისტური ბიოგრაფიით მივედი, მითხრეს, რომ მუშაობის დასაწყებად ჟურნალისტობა სულაც არ არის აუცილებელი. ჩვენ ჟურნალისტიკა წაგვართვეს. ჟურნალისტიკა საზოგადოებასაც წაართვეს, სახელი – ჟურნალისტიც გაუფასურდა. მე-19 საუკუნეში ჟურნალისტიკაში ილია რომ გამოჩნდა, თავისი სტილისტიკით იმდენად მკვეთრი იყო, რომ მან, როგორც პუბლიცისტმა, ერის მენტალიტეტი შეცვალა. ერის მამის სტატუსი, მან, როგორც პუბლიცისტმა მოიპოვა…
– დიახ, სწორად აღნიშნეთ, მაშინ ილიამ საზოგადოება გამოაფხიზლა. თუმცა იმ პერიოდში, დღევანდელისგან განსხვავებით, საქართველოში წერა-კითხვა ძალიან ცოტამ იცოდა. „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ სწორედ ამიტომ შეიქმნა. ილიას ნააზრევს ის ადამიანები კითხულობდნენ, რომელთაც გარკვეული განათლება ჰქონდათ მიღებული. ეს მათ გამოსაფხიზლებლად უფრო იყო, რათა ის იდეები, რაც ილიას ჰქონდა, იმ ხალხშიც გავრცელებულიყო, ვინც წერა-კითხვა არ იცოდა. დღეს რა შეიძლება გაკეთდეს და როგორ ვიმოქმედოთ მედიის კანონის მიღების პირობებში?! თქვენ დიდი ხანია, ჟურნალისტიკაში ხართ და სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან საუბარი გიწევთ. დავუშვათ, რომ მე ქირურგი ვარ, რომელმაც ექვსი წელი სამედიცინო უნივერსიტეტში ვისწავლე, მერე ხუთი – რეზიდენტურაში, ჩავაბარე გამოცდები, მერე სერტიფიკატის ასაღებად ცალკე კურსები გავიარე და გამოცდა ჩავაბარე. ანუ, 12 წელი ვისწავლე, რათა საოპერაციო მაგიდასთან ქირურგი ოპერატორის ასისტენტად დავმდგარიყავი და ამ დროს მოდის ახალგაზრდა ჟურნალისტი, ცხვირწინ მიკროფონს მიტრიალებს და მეუბნება: რომ ვალდებული ვარ, შეკითხვებზე ვუპასუხო. რა დამოკიდებულება გამიჩნდება მის მიმართ?! ის 18 წლისაა, მე კი, სკოლის ჩათვლით, 22 წელი ვისწავლე და ვიღაც საქმის უცოდინარი აგრესიით მოდის და ინტერვიუს მთხოვს. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ამ 22-წლიანი სწავლის შემდეგ, უკვე 20-30 წელია, ქირურგად ვმუშაობ, მოდის 20 წლის ჟურნალისტი და გონორით მელაპარაკება. მის მიმართ, რა დამოკიდებულება მექნება?! ერთადერთი, რამაც შეიძლება ამ ადამიანის და მედიასაშუალების მიმართ პატივისცემა გამიჩინოს, ინფორმაციის პატიოსნად გაშუქებაა.
სამწუხაროდ, ჟურნალისტებს და რესპონდენტებს შორის ურთიერთპატივისცემა სადღაც დაიკარგა, რაც სერიოზული პრობლემაა. ალბათ, მიაქცევდით ყურადღებას, რომ აკადემიური წრეების წარმომადგენლები, თავისი დარგის აღიარებული პროფესიონალები მედიასთან არ ურთიერთობენ მათი მიკერძოებულობის და ანგაჟირებულობის გამო. არადა, სწორედ ამ ადამიანების აზრია საინტერესო. მოვიკითხე და მითხრეს, რომ გალანძღვას ერიდებიან. ეს არ არის ნორმალური ვითარება.
ჩემი აზრით, გაზეთები და ტელევიზიები დიდ შეცდომას უშვებენ, როცა გამოუცდელ ჟურნალისტებს იმ რესპონდენტებთან აგზავნიან, რომელთაც თავიანთ პროფესიაში წარმატებას მიაღწიეს და სახელი დაიმკვიდრეს. ჟურნალისტებს შესაბამისი განათლება და გამოცდილება უნდა ჰქონდეთ. არ შეიძლება პროდიუსერმა ჟურნალისტი ისრად გამოიყენოს, მშვილდში მოზიდოს და კონკრეტულ სამიზნეს დაუმიზნოს. 35 წელია, ჟურნალისტიკაში ვარ და მედიათა ხელმძღვანელებს სულ ვეუბნები: რასაც თქვენს თავს და პროფესიას არ აკადრებთ, იმას ამ ბავშვებს ნუ აკეთებინებთ, ნუ ანგრევთ და არასწორი მიმართულებით ნუ მიგყავთ მათი ფსიქიკა-მეთქი. შეიძლება მარმარილოს ლოდიდან ხელოვნების ნიმუში შექმნა, მაგრამ, თუ ფიგურას კარგად ვერ გამოკვეთავ და შემდეგ მის გადაკეთებას შეეცდები, ის ზომაში იმის ნახევარი გამოვა, რაც ჩაიფიქრე. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, ისეთი ჟურნალისტები აღვზარდოთ, რომელთაც მერე გადაკეთება არ დასჭირდებათ, თორემ ამ დეფორმაციის გამოსწორება შეუძლებელი გახდება. თუ ადამიანი ნიჭიერია, მის აღზრდას, პროფესიონალად გამოძერწვას უნდა შევეცადოთ, თორემ პატარა ფიგურას მივიღებთ, რომელიც საბოლოოდ, არც პროფესიას გამოადგება და არც საკუთარ თავს.
ასე რომ, თუკი მედიის შესახებ კანონი ამ თვალსაზრისით ჩვენს პროფესიას სასიკეთოდ წაადგება, მხოლოდ მივესალმები. პროექტის მომზადებაში მონაწილეობა არ მიმიღია, თუმცა გარკვეული რეგულაციების დაწესების მტრულად აღქმა სწორად არ მიმაჩნია. ამერიკაშიც, დიდ ბრიტანეთშიც და ევროპის სხვა ქვეყნებშიც ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდნენ სტანდარტების ჩამოყალიბებამდე. რაღაც გამოგვადგება, რაღაცას ჩვენი სპეციფიკის გათვალისწინებით შევქმნით. ფაქტობრივად, ჩვენ მედიის შესახებ კანონის ამოქმედება ყამირ მიწაზე, მეტიც, ზოგან დაბეტონებულ ტერიტორიაზეც კი გვიწევს. არავის ჰქონდეს მოლოდინი, რომ კანონმდებლობა ვითარებას სწრაფად შეცვლის. ეს დიდ ტკივილებთან იქნება დაკავშირებული. 90-იან წლებში, დამოუკიდებელი ქართული ჟურნალისტიკის დაბადების მოწმენი ვიყავით. ახლა, უკვე მეორედ, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ჟურნალისტიკისთვის სიცოცხლის დაბრუნების პროცესში ვართ. ეს რთული პროცესი იქნება. პროფესიონალი ჟურნალისტების უპირველესი ვალდებულება პასუხისმგებლობის გააზრებაა, ამ გარდამტეხ მომენტში უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი გამოცდილების სწორედ ქართული ჟურნალისტიკისა და საზოგადოების სამსახურში ჩაყენებას. დღეს ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ. რაც მეტი პროფესიონალი ჟურნალისტი გავიაზრებთ შეცდომებსაც და საფრთხეებსაც, მით უფრო გაუადვილდებათ ახალგაზრდებს ჟურნალისტიკაში პროფესიული სტანდარტებით მუშაობა და პროფესიონალებად ჩამოყალიბება. მათ პროფესიული ღირსების მნიშვნელობა ღრმად უნდა გაიაზრონ და მერე ჩვენც ვიამაყებთ, რომ ამ ახალი თაობის პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში ჩვენი წვლილი შევიტანეთ. ამ პროცესში უმაღლესი სასწავლებლები, პროფესორ-მასწავლებლებიც უნდა ჩაერთონ. 35-წლიანი პერიოდი ავად თუ კარგად გავიარეთ, წარმატებაც გვქონდა, წარუმატებლობის სიმწარეც გამოვცადეთ და გამოცდილებაც შევიძინეთ. ჩვენ ახლა ახლიდან დაბადება გვიწევს, ამ პროფესიას მეორე სიცოცხლე უნდა შევძინოთ და შეცდომების დაშვების უფლება აღარ გვაქვს.
წყარო: საერთო გაზეთი N 7(784),
ავტორი: თამარ შველიძე