“თბილისური ანარეკლი” – უნიკალური გამოცემა საქართველოს დედაქალაქის შესახებ, რომელიც უძველეს ცნობებსა და საინტერესო ფაქტებს აერთიანებს

თბილისი-ლეგენდებისა და რეალობების ნისლში გახვეული უძველესი ქალაქია, სადაც ძველი და ახალი, აღმოსავლური და დასავლური არქიტექტურა ჰარმონიულად თანაარსებობს. მისი ისტორიის მიმართ ათწლეულებია ინტერესი არ ცხრება.
დედაქალაქის ისტორიაში პირველად, უძველესმა რუკებმა, გეგმებმა, ჩანახატებმა და სხვადასხვა წლებში მოღვაწე უცხოელი მოგზაურების ჩანაწერებმა ბიბლიოთეკების არქივებიდან თავი ერთ ალბომში – “თბილისურ ანარეკლში” მოიყარა.
“თბილისური ანარეკლი” ორენოვანი, ქართულ-ინგლისური ალბომია, მისი საშუალებით თბილისის მკვლევრებსა და სხვადასხვა თაობის სპეციალისტებს, თბილისზე შეყვარებულ ადამიანებსა და დედაქალაქის სტუმრებს საშუალება ექნებათ, რომ ერთი კრებულის ფარგლებში თბილისის ისტორიას, არქიტექტურას და ქალაქის განაშენიანების განვითარების ეტაპებს გაეცნონ.
ალბომის “თბილისური ანარეკლი” პრეზენტაცია დღეს გაიმართა. სიმბოლურია, რომ გამოცემით დაინტერესებულ საზოგადოებას მე-17 საუკუნის უნიკალურმა შენობამ, თბილელის ქარვასლამ უმასპინძლა, სწორედ იმ სივრცემ სადაც ძველი თბილისის ამბები არაერთხელ გაცოცხლებულა.
ალბომი საგამომცემლო სახლმა “ანარეკლმა” გამოსცა და ეს მათი სადებიუტო ნაშრომია.