ვიქტორ ორბანი: დროა, განადგურდეს იმ არასამთავრობოების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების ჩრდილოვანი არმია, რომლებიც ანაზღაურებას აშშ-დან და ბრიუსელიდან იღებენ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პირობა დადო, რომ მიიღებს ზომებს იმ პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ. ვიქტორ ორბანმა ასევე კვლავ გამორიცხა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება.
ბუდაპეშტში უნგრეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მოვიდა დრო, განადგურდეს „ჩრდილოვანი არმია“, რომელიც იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, მოსამართლეებსა და პოლიტიკოსებს აერთიანებს, რომლებიც ანაზღაურებას ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ბრიუსელიდან იღებენ.
უნგრეთის პრემეირ-მინისტრმა კვლავ გააკრიტიკა ბრიუსელი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების გამო და განაცხადა, რომ ევროკავშირს უკრაინის „კოლონიზაცია“ სურს.
ცნობისთვის, მიმდინარე კვირაში ვიქტორ ორბანის მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო ცვლილებები წარადგინა, რომელიც ითვალისწინებს ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეების გაძევებას, თუ ისინი უნგრეთის სუვერენიტეტისთვის საფრთხედ იქნებიან მიჩნეული.