leaderboard_below_slide
left_sabechdi

კირ სტარმერი: ლონდონში ევროპელი სამხედრო მაღალჩინოსნები შეიკრიბებიან და რუსეთ-უკრაინის ომში შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების უზრუნველყოფის გეგმაზე იმსჯელებენ

“უახლოეს დღეებში ლონდონში ევროპელი სამხედრო მაღალჩინოსნები შეიკრიბებიან და რუსეთ-უკრაინის ომში შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების უზრუნველყოფის გეგმაზე იმსჯელებენ”, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა დღეს გამართული ე.წ. მსურველთა კოალიციის წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მოლაპარაკებები დისტანციურ ფორმატში გაიმართა. კირ სტარმერის თქმით, „მსურველთა კოალიცია“ ახლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ გავზრდით ზეწოლას რუსეთზე, განვაგრძობთ სამხედრო დახმარების ნაკადს უკრაინისთვის და გავაძლიერებთ შეზღუდვებს რუსეთის ეკონომიკაზე, რათა დავასუსტოთ პუტინის სამხედრო მანქანა და მოვიყვანოთ ის მოლაპარაკების მაგიდასთან“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა.

მისი თქმით, ქვეყნები შეთანხმდნენ, დააჩქარონ პრაქტიკული სამუშაო პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების მხარდასაჭერად.

„ჩვენ ახლა გადავდივართ ოპერაციულ ფაზაში. ჩვენი სამხედრო მოხელეები შეიკრიბებიან 20 მარტს აქ, გაერთიანებულ სამეფოში, რათა წარმოადგინონ ძლიერი გეგმა სამშვიდობო შეთანხმების გასაძლიერებლად და უკრაინის მომავალი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. პრეზიდენტმა ტრამპმა შესთავაზა პუტინს გზა ხანგრძლივი მშვიდობისკენ. ახლა ჩვენ უნდა ვაქციოთ ეს რეალობად. ახლა არის მომენტი, ვიმოძრაოთ იმ შედეგისკენ, რომლის ხილვაც გვსურს – დავასრულოთ მკვლელობები, მივაღწიოთ სამართლიან, ხანგრძლივ მშვიდობას უკრაინაში და ხანგრძლივ უსაფრთხოებას ყველა ჩვენგანისთვის“, – განაცხადა კირ სტარმერმა.

ასევე იხილეთ