სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ანტისამთავრობო აქციაზე 100 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. პროტესტს შეუერთდნენ სტუდენტები, მასწავლებლები და ფერმერები.
ამასთან, დაპირისპირება მოხდა ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს, პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის მხარდამჭერებსა და პოლიციის სპეცრაზმს შორის.
პოლიციის ინფორმაციით, მათ დღის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე მომხდარი ინციდენტების დროს 13 ადამიანი დააკავეს. მათ შორის ვუჩიჩის სამი მხარდამჭერი, ფერმერების ტრაქტორებზე თავდასხმის გამო.
შეგახსენებთ, რომ აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2024 წლის ნოემბერში ნოვი სადში რკინიგზის სადგურის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი. სერბეთის უმაღლესმა პროკურატურამ მომხდართან დაკავშირებით ბრალი 13 ადამიანს წაუყენა.
დემონსტრანტების მოთხოვნებს შორისაა სარკინიგზო სადგურის რეკონსტრუქციის სრული დოკუმენტაციის გამოქვეყნება და პასუხისმგებელი პირების დასჯა. როგორც ცნობილია, სადგურის სარემონტო სამუშაოებში ჩინური კომპანიები მონაწილეობდნენ. სერბეთის მთავრობა კორუფციისა და არაკომპეტენტურობის ბრალდებებს უარყოფს.