top_leaderboard

დიმიტრი ხუნდაძე „ნაცმოძრაობას“: ჩვენ კი ვაპროტესტებთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს, მაგრამ თქვენ 2008 წლის ომი თქვენს საკუთარ სამხედროებს დააბრალეთ

„რადიკალური ოპოზიციის რომელ ერთ ტყუილს გავცე პასუხი, მაგრამ რამდენიმეს მოვასწრებ, ჩემს კუთვნილ მცირე დროში რომ ჩავეტიო“, – ასე დაიწყო თავისი პოლიტიკური განცხადება პარლამენტის სხდომაზე „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ.

მან 2008 წლის აგვისტოს ომზე და ამ ომში საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების ქმედებებზე გაამახვილა ყურადღება.

„ხალხის ძალამ“ გუშინ პარტია დააფუძნა და პირობას ვდებთ, რომ საზოგადოებას მუდმივად ექნება სიმართლე, ასევე, ეს სიმართლე დესტრუქციულ ოპოზიციისთვის, რომელიც მათ არასდროს არ სურთ, ყოველთვის გაიჟღერებს. დღესაც ვხედავთ, რომ ისინი დეზინფორმაციას ავრცელებენ მრავალმხრივ, ყველა მიმართულებით და ამას აკეთებენ მტრობის სტიმულირებისთვის და არა იმიტომ, რომ ქვეყნისთვის უკეთესი სურთ და პრობლემები რეალურად აწუხებთ.

რომელ ერთ ტყუილს გავცე პასუხი, მაგრამ რამდენიმეს მოვასწრებ, ჩემს კუთვნილ მცირე დროში, რომ ჩავეტიო: საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება უმრავლესობას არ გაუპროტესტებიაო. სინამდვილეში, უმრავლესობის ლიდერი გამოვიდა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააპროტესტა, დღეს ფრაქციის თავმჯდომარე აპროტესტებს და აქვე მეც პროტესტს გამოვთქვამ – რა თქმა უნდა, ეს გასაპროტესტებელი და მიუღებელია. ჩვენ ეს კი გავაპროტესტეთ, მაგრამ 2008 წლის ომი თქვენ დააკანონეთ, საკუთარ სამხედროებს დააბრალეთ და რეზოლუციის სახით ამას მხარი დაუჭირეთ“, – განაცხადა ხუნდაძემ.

დეპუტატმა ასევე ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გაწეულ ფინანსურ დახმარებასა და ამ დახმარების მიზნობრიობაზე.

„მინდა ყურადღება გავამახვილო, ასევე, ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ადრე აშშ-ის საელჩოდან გავრცელდა, რომ საქართველომ თითქოს ბოლო 30 წლის განმავლობაში აშშ-დან ექვსი მილიარდი დახმარება მიიღო. ეს გაიმეორა დღეს USAID-ის რეგიონულმა დირექტორმაც. სინამდვილეში, აშშ-ი ზოგჯერ ქმედით და რეალურ დახმარებას სწევს, მაგრამ ის საქველმოქმედო ორგანიზაცია არ არის და ყველა სახელმწიფო და მათ შორის, ისიც, პირველ რიგში საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს.

მაგალითად, თუ ამ დაფინანსებას იმიტომ გვახსენებენ, რომ საქართველო 2008 წლის შემდეგ რუსეთთან ომში მეორედ, ახლა უკვე უკრაინის გამო არ ჩაერთო, მაშინ უკაცრავად, ეს იმის საზღაური ვერ იქნება, რა ზიანიც საქართველოს შეიძლებოდა მისდგომოდა. ეს სურათი ჩვენ უკრაინაში ვნახეთ, რომლის ზიანს არათუ ექვსი, ექვსასი მილიარდიც ვერ აანაზღაურებს. თუ გვეტყვიან, რომ ქვეყანა რამდენიმე მილიარდით დაფინანსდა იმიტომ, რომ დემოკრატია გაუმჯობესებულიყო, „ნაცმოძრაობის“ დროს ამ კუთხით ორჯერ მეტი იხარჯებოდა აშშ-დან, მაგრამ ჩვენ დიქტატორული მმართველობა მივიღეთ, რომლის უმძიმესი შედეგი საზოგადოებას დღესაც ახსოვს. მაშინ, რატომღაც არ მახსოვს განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში დემოკრატია დეფიციტს განიცდიდა. ასე რომ, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ გარე დაფინანსებები ხშირად ქვეყნისა და ხელისუფლების რყევისთვის გამოიყენება, ისევე როგორც ახლა დეზინფორმაცია – მტრობის სტიმულირებისთვის. საზოგადოებას უფრო მეტი ყურადღება დასჭირდება განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, რომ ადამიანები სატყუარებს არ წამოეგონ“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

ასევე იხილეთ