leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბექა ღვაჩლიანი: ქართული ენისა და ლიტერატურის ფუნდამენტური ფასეულობების დაცვა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება, პედაგოგთა შეუპოვარი შრომის შედეგია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის ახლად დანიშნული მინისტრი ბექა ღვაჩლიანი მიმდინარე წელს საგანმანათლებლო და კულტურული ინიციატივების ფარგლებში პედაგოგების აქტიურ ჩართულობაზე და პროცესში მათი მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრობს.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით, მიმდინარე წელს საგანმანათლებლო და კულტურული ინიციატივების ფარგლებში აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგების აქტიური ჩართულობით უმნიშვნელოვანეს საქმიანობას ახორციელებს, რომელიც მიმართულია ეროვნული თვითმყოფადობისა და აკადემიური წინსვლისკენ.

სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ქართული ენისა და ლიტერატურის ფუნდამენტური ფასეულობების დაცვა და მათი ახალი თაობებისთვის გადაცემა, რაც პედაგოგთა შეუპოვარი შრომის შედეგია.

მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს. მე ვიქნები მათთვის მოტივაციის მიმცემი და ასევე მათი უფლებების დამცველი“, – განაცხადა განათლებისა და კულტურის მინისტრმა “მაესტროს” ეთერში, გადაცემაში “რეგიონები” ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

მისი განცხადებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის დისტანციური სწავლება ხორციელდება და ამ მეთოდმა გარკვეული პოზიტიური შედეგები უკვე მოიტანა.

„აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის დისტანციურ სწავლებას ახორციელებს, რაც მათთვის ქართულ ენაზე განათლების მიღების ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს.

სწავლების აღნიშნულმა მეთოდმა პოზიტიურად იმუშავა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი ახალგაზრდები აქტიურად ეუფლებიან მშობლიურ ენას.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოღვაწე თითოეულ მასწავლებელს, რომლებიც მიუხედავად უამრავი შეზღუდვისა, მაინც ერთგულად ემსახურებიან პედაგოგიურ საქმიანობას და ურთულეს პირობებში, თავდაუზოგავი შრომითა და პროფესიონალიზმით უდიდესი წვლილი შეაქვთ ღირსეული მომავალი თაობების აღზრდის საქმეში“, – განაცხადა ბექა ღვაჩლიანმა.

ასევე იხილეთ