top_leaderboard

დიმიტრი ხუნდაძე: „ნაცმოძრაობის“ დროს ქვეყნიდან გავიდა და უკან არ დაბრუნებულა 247 000 მოქალაქე, ხოლო „ქართული ოცნების“ პერიოდში 47 000 ადამიანია ემიგრაციაში წასული, ანუ ხუთჯერ ნაკლები

„საქართველოდან 800 000 ადამიანი 2012 წლიდან დღემდე გავიდა, მაგრამ ამ რიცხვში შედის ყველა ადამიანი, ვისაც სხვადასხვა მიზნით საზღვარი გადაუკვეთავს და რა თქმა უნდა, უკან დაბრუნებულა. ამ რიცხვში შედიან თვითონაც, როცა საქმიანი ვიზიტით ან ტურისტული მიზნით ქვეყნიდან გასულან“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

იგი გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ქვეყნიდან მოსახლეობის მიგრაციის საკითხზე გაკეთებულ განცხადებებს და განაცხადა, რომ ოპოზიცია ციფრებით მანიპულირებს.

„ახლა იმით სპეკულირებთ, თითქოს მიგრაციის პრობლემით ხართ შეწუხებული. მანამდე არასდროს გიხსენებიათ ეს საკითხი. სხვათა შორის, საქართველოს გენოფონდს პირდაპირი დარტყმა სწორედ თქვენ მიაყენეთ მაშინ, როცა 24 000-მდე გაზარდეთ პატიმრების რაოდენობა, რომელთა 70% რეპროდუქციული ასაკის იყო. თან აბსოლუტური ტყუილი გამოგაქვთ ახლა, რომ თითქოს 800 000 მოქალაქემ დატოვა ქვეყანა და უკან არავინ დაბრუნებულა. საზოგადოებას ვეუბნები: კერძო საუბრებში თითოეულ მათგანს ვეკითხები – მაჩვენეთ, მონაცემები როგორ აიღეთ-მეთქი და ისინი მპასუხობენ, რომ დიახ, საქართველოდან 800 000 ადამიანი გავიდაო. და, როცა ვეკითხები, უკან რამდენი დაბრუნდა, ამაზე აღარ პასუხობენ. სინამდვილეში, საქართველოდან 800 000 ადამიანი 2012 წლიდან დღემდე გავიდა, მაგრამ ამ რიცხვში შედის ყველა ადამიანი, ვისაც სხვადასხვა მიზნით საზღვარი გადაუკვეთავს და რა თქმა უნდა, უკან დაბრუნებულა. ამ რიცხვში შედიან თვითონაც, როცა საქმიანი ვიზიტით ან ტურისტული მიზნით ქვეყნიდან გასულან. ამ 800 000-ში შედის სასწავლებლად, ტურისტულად, სამკურნალოდ, ბიზნეს ვიზიტებით თუ სხვა მიზნით გასული მოქალაქეები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი უკან არ ბრუნდებიან. ახლა გეტყვით ზუსტ რიცხვებს, რეალურად რამდენმა ადამიანმა დატოვა საქართველო: როცა „ნაცმოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, რომელთა დროსაც ვიზა-ლიბერალიზაცია არ იყო, ანუ ქვეყნიდან გასვლა გაადვილებული არ იყო, მაშინ ქვეყანაში უკან არ დაბრუნებულა 247 000 მოქალაქე. და „ქართული ოცნების“ პერიოდში, როდესაც უვიზო მიმოსვლა არის ვიზა-ლიბერალიზაციის შედეგად ხელმისაწვდომი, 47 000 ადამიანია ემიგრაციაში წასული. ანუ, ხუთჯერ ნაკლებმა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა. ეს არ არის ცოტა, მაგრამ სიმართლის თქმა გიყვარდეთ“, – განაცხადა ხუნდაძემ.

ხუნდაძის თქმით, რადიკალური ოპოზიცია თითქოსდა სოციალურ პრობლემებზე წუხს, სინამდვილეში კი ეს კამპანიაც ტყუილზეა აგებული.

„ახლა ფასების თემა შემოიტანეს. ხაბეიშვილმა თითქოს ხან ერთ ბაზარში იარა, ხან – მეორეში და რატომღაც ვერ აღმოაჩინა, რომ ზეთი ექვს ლარზე ნაკლებად შეგიძლია იყიდო, ან ხორცი – 27 ლარზე ნაკლებად. მასავით, ასეთ დეტალებში არ შევალ, მაგრამ მისივე ანგარიშით, 2012 წელთან შედარებით თურმე დღეს მოქალაქეს 42 ლარით მეტი სჭირდება, პროდუქტები რომ იყიდოს. სინამდვილეში, 2012 წელთან შედარებით, პენსიონერს, რომელსაც მანამდე პენსია 125 ლარი ჰქონდა, დღეს 315-დან 500 ლარამდე აქვს პენსია, ანუ ის გაიზარდა 185 ლარიდან 385-ით ლარამდე. ანუ რამდენი 432 ლარი ჩაეტევა ამაში? და როცა „ნაცმოძრაობის“ დროს საშუალო ხელფასი იყო 722 ლარი, დღეს არის 1855 და ახალი მონაცემებით კიდევ უფრო მეტი დაფიქსირდა. ანუ დღეს 1150 ლარით მეტია საშუალო ხელფასი. ასე რომ, ასეთ სპეკულაციურ მიდგომებს თავი დაანებეთ და ტყუილს შეეშვით! თუმცა, რა ტყუილებიც გასწავლეს, იმას აგრძელებთ“, – განაცხადა ხუნდაძემ.

 

ასევე იხილეთ