ირაკლი კირცხალია: “ფარას რეგულაციების დარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა პრევენციული წნეხი იქნება უსამშობლოების და დესტრუქციული „ენჯეოების“ მიმართ

“ფარას” რეგულაციების დარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა პრევენციული წნეხი იქნება უსამშობლოების და დესტრუქციული „ენჯეოების“ მიმართ, რომლებიც ქვეყანაში პარტიული „შავი ფულის“ გამტარებლად გვევლინებოდნენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ საქართველოს “პირველ არხს” განუცხადა.
კირცხალიას თქმით, ქართულ კანონმდებლობაში „ფარას“ ზუსტი ასლია გადმოტანილი, თუმცა ქართულ რეალობაზეა მორგებული.
“რა თქმა უნდა, „ფარა“ ბევრად უფრო მკაცრი კანონია. ქართულ კანონმდებლობაში ზუსტი ასლია გადმოტანილი, თუმცა ქართულ რეალობაზეა მორგებული, სულისკვეთება იგივეა. ბევრად უფრო ლიბერალური და მსუბუქი „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონია, რომლის მიღებაზეც არასამთავრობო ორგანიზაციებმა როგორი აჟიოტაჟი ატეხეს, ეს ვნახეთ, თუმცა მდიდარმა „ენჯეოებმა“ იქაც ჯარიმების გადახდის გზა ნახეს და დემონსტრაციულად არ რეგისტრირდებოდნენ. სისხლის სამართლის კომპონენტი როცა შემოდის, ეს იქნება პრევენციის კუთხით ერთ-ერთი სერიოზული ბერკეტი”, – განაცხადა კირცხალიამ.