leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნუგზარ ფოფხაძე: ჯონ კენედი და ვასილ მჟავანაძე… რიგითი ფოფხაძის გადასარჩენად

(სახალისო მოგონებების სკივრიდან)

ინტერნეტში, ტიკ-ტოკზე, დღეს გამოქვეყნდა აშშ 35-ე პრეზიდენტის,  ჯონ კენედის ფოტოსესიის სურათები. ზოგიერთი მათგანი მარტო კი არ გამახსენდა, ასლი მეც მაქვს გადანახული პირად არქივში.

გონებაში ღიმილიანი მოგონებებიც ამოტივტივდა. ვგონებ, არაფერს დავაშავებ, 57 წლის წინანდელი ამბების გახსნებით…

მაშ ასე…

1968 წლის ზაფხულში, მოვამზადე და მაშინდელი ტელევიზიით ეთერში წავიდა ვეებერთელა, ორსაათიანი გადაცემა (კითხულობდა ცხონებული ომარ ტივაძე – სუპერ-დიქტორი) „მითები და სინამდვილე“ („კენედების ოჯახი“), რომელსაც იმ დროისთვის არნახული გამოძახილი ჰქონდა.

ეს ის დროა,

– როცა

ქვეყანა ჩაკეტილია, საზღვარგარეთულ ტელეს კი არა, უცხოურ რადოგადაცემებსაც ახშობენ;

– როცა რამდენიმე წლის წინათ, აშშ-ის პრეზიდენტად ახალგაზრდა ჯონ კენედია არჩეული, პოპულარული, ლამაზი ოჯახის პატრონი; მოკლე დროში ბევრი რამ მოასწრო… 1961 წელს, „კუბის კრიზისის“ უსისხლოდ დამთავრებამ მისი რეიტინგი პიკზე აიყვანა. ჩვენ კი დუმილს ვამჯობინებთ მაშინ, როცა  ყველას, მთელ მსოფლიოს, აინტერესებს, ვინ არის იგი, საიდან მოვიდა, რას აპირებს, რატომ და რისთვის მოკლეს;

– როცა ვიდეო, მით უმეტეს ყოფითი, ჯერ არ არსებობს. დიდი ტელევიზიების პროდუქციაზე ხელი კი არ მიგვიწვდება. აქედან გამომდინარე, გამოსახულებების საშინელ დეფიციტს განვიცდით. ისღა დაგვრჩენია, ხედვით მასალად გამოვიყენოთ კინოქრონიკის მცირერიცხოვანი ნაწყვეტები, რაც 200-მდე ფოტოსთან ერთად, პარტიზანულად(!), მოსკოველი და უცხოელი მეგობრების წყალობით შევაკოწიწე კიდეც (მათგან ზოგიერთს აქვე გთავაზობთ)…

ერთი სიტყვით, გადაცემა დიდი კი გამოვიდა, მაგრამ აშკარად საინტერესოა. თანაც ჩვენი მასობრივი  აუდიტორიისთვის ახალი, უცნობი დეტალებით სავსე. მთავარი ის არის, რომ „გავბედეთ“ და გვერდი ავუარეთ იმ დროისთვის დამახასიათებელ „შაბლონს“ – იდეოლოგიურ მტერს (თუმც, გაკვრით ესეც იყო – სავალდებულო მინიმუმი, შესაბამისად გაზავებული) და შევეცადეთ გვეჩვენებინა, უწინარესად, ადამიანი, მისი წარმომავლობა, მრავალშვილიან ატმოსფეროში გაზრდილი, განათლებული, ნაომარი, გაბედული, სიმპათიური, პატარა შვილებთან ჯინსებში მოთამაშე მამა; თანაც, არა უდიდესი სახელმწიფოს – აშშ-ის პრეზიდენტი, არამედ იუმორით სავსე, ისეთი, პარიზის აეროპორტში ჟურნალისტებს საკუთარი თავი რომ წარუდგინა, როგორც… „ულამაზესი ჟაკლინ კენედის მეუღლე“…

შუაღამემდე გაგრძელდა ჩვენება. ტელეფონის ზარები არ წყდება. ჩვენი ახალგაზრდული გუნდი ბედნიერია…

დილის პროფესიულ თათბირზე სიამაყით შევაბიჯე. უმრავლესობას დადებითი განწყობა აქვს.

მაგრამ, როგორც იტყვიან, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო…

(მერე რაც მოხდა, კურიოზია,  დღემდე რომ მომყვება ღიმილიან მოგონებად.)

ვაგრძელებ:

…გადაცემის დღეს ტელე-რადიოკომიტეტის თავმჯდომარე ბ-ნი კარლო გარდაფხაძე თბილისში არ იყო და „ეთერი“, როგორც გამონაკლისი, მისი ნებართვის გარეშე შედგა.

დილის თათბირზე კი ეს „რკინის კაცი“ უკვე ადგილზეა, ჩვეული აღტკინებით ხელმძღვანელობს განხილვის, დაგეგმვისა და შეფასების პროცესს;  ნამგზავრ და გვიანღამ ქალაქში დაბრუნებულ ბოსს მუდამ „ფხიზელმა კეთილმოსურნემ“  უკვე მოასწრო ეცნობებინა „საშინელი დანაშაული“: რომ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და იდეოლოგიური ხასიათის გადაცემამ აშშ-ის მოკლული პრეზიდენტის „სახიფათო“ თემაზე,  „ეთერი“ იხილა არა მარტო თავმჯდომარის დასტურის (რაც დადგენილი აუცილებელი პრაქტიკა გახლდათ), არამედ უფრო უარესი – მთავლიტის (ანუ, სახელმწიფო ცენზურის) ნებართვის(!) გარეშეც.

ეს გაუგონარი ფაქტი, პრაქტიკულად, დანაშაული იყო და მალე, თათბირი ლამის „ჰიროსიმის“ მსგავს რისხვად გადაიქცა ჩემთვის და… კადრების უფროსს საჯაროდ, იქვე დაევალა საგანგებო ბრძანების მომზადება, რითაც „ახალგაზრდობის რედაქციის“ ხელმძღვანელობიდან ჩემი – ორიოდე თვის წინ დანიშნული უფროსი რედაქტორის მოხსნა უნდა გაფორმებულიყო.

შეფს შეუვალობა ვერ შეაცვლევინა მისმა მოადგილემ, ტელევიზიის უშუალო კურატორმა აკაკი ძიძიგურმა და ვერც კოლექტივის და ტელეაუდიტორიის ზოგადმა დადებითმა შეფასებებმა.

„საჩვენებელ-სამაგალითო“ თათბირი შუადღემდე კი გაიწელა, მაგრამ. ფინალი წინ იყო… ბატონმა კარლომ კაბინეტში შემიყვანა და თათბირზე დაწყებული „დაბომბვა“ გააგრძელა. რატომღაც მომეჩვენა, რომ ეს „სპექტაკლი“ უფრო სხვისთვის იყო გაკვეთილი და ცოტა არ იყოს, თავის დაზღვევის ელფერი დაჰკრავდა.

მოულოდნელად ვითარება რადიკალურად შეიცვალა.

ბატონმა კარლომ უეცრად, სატელეფონო ზარით შეიტყო, რომ სრულიად შემთხვევით, ეს გადაცემა თურმე ნახეს კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში შეკრებილმა ხელმძღვანელებმა. ეს კი გაიგო, მაგრამ ჩემმა შეფმა ჯერ არ იცის, მათი რეაქცია როგორია. სრულიად ბუნებრივია, რომ ეჭვობს, ვაითუ უსაყვედურონ, რა დროს კენედი და მისდამი სიმპათიებია. მით უმეტეს, ამ რედაქციას ჰქონდა (ჩემამდე) პოლიტიკური ხასიათის ჩავარდნა, რის გამოც ტელერადიოს თავკაცს უსაყვედურეს, ხოლო რედაქციის ხელმძღვანელი ჩემი პერსონით ჩაანაცვლეს. და, ჰა, ბატონო, ისევ… მაგრამ ეს გაურკვევლობა მალე გაქარწყლდა.

სამთავრობო ტელეფონით მას „მორიგეობით“ დაურეკეს ცეკას მდივნებმა – დევი სტურუამ და შოთა ჭანუყვაძემ და ორივემ,  ცალ-ცალკე, დამოუკიდებლად, საქმიან საუბარს ამ გადაცემის შესახებ თავიანთი პირადი მოწონებაც მოაყოლეს.

მომეჩვენა, რომ ბატონი კარლო, ეს ძველი იდეოლოგიური „მგელი“, ცოტა არ იყოს, ამ ზარებმა დააბნია. ცეკას მდივნების პირადი მოსაზრებები კი ესიამოვნა, მაგრამ მაინდამაინც არ მოსწონს, ამ ისტორიის იღბლიანი თვითმხილველი რომ გავხდი სწორედ მე, მის გონებაში ჯერ კიდევ „სახიფათო“ გადაცემის ავტორი, რომელსაც ნახევარი საათის წინ „ტანკივით გადაუარა“. არადა, მე ჯიუტად არ ვინძრევი ადგილიდან: ვიდრე არ მეტყვის, როგორ გავბედავ (არც მაწყობს) მისი კაბინეტიდან გასვლას.

ისევ ზარი… ამჯერად, სპეცსელექტორზე. ხაზზეა ვინ ვინ და… თავად ვასილ მჟავანაძე, რესპუბლიკის ხელმძღვანელობის პირველი პირი. სელექტორი ისეთ ხმაზეა ჩართული, რომ დიალოგს მეც ვისმენ.

საუბარი საქმიანია, წინა დღეებში  გარდაფხაძის მოსკოვური ვიზიტის შედეგებს შეეხება. მის მოხსენებით მჟავანაძე აშკარად კმაყოფილი დარჩა და…

ღმერთო დიდებულო, ეს რა მესმის: მგონი, ვასილ პავლოვიჩსაც და მის ოჯახსაც უნახავს კენედიზე გადაცემა და  ისე მოსწონებია, რომ გასჩენია სურვილი, არა მარტო  ეთქვა თბილი სიტყვები გარდაფხაძისთვის,  არამედ სთხოვა კიდეც, მისი სახელით ჩემთვის ქების სიტყვები გადმოეცა.

ეს კი ნამეტანი გამოვიდა. და, როგორც ჩანს, იმდენად იშვიათი შემთხვევა იყო, რომ… ბატონი კარლო სიამოვნებისგან გაბადრულია.

იმის წარმოდგენაც კი გაგიჭირდებათ, თუ რა დღეში ვარ, როგორ ვიკავებ თავს, რომ ისტერიკაში არ ჩავვარდე…

მაშინაც და ახლაც მგონია, რომ ბატონი კარლო გრძნობს ამ უხერხულობას. შევატყვე, რომ მასაც ეღიმება: საქმე იმაშია, რომ სულ რაღაც ერთი-ორი საათის წინ, დასასჯელად გამზადებული და პროფესიულ-თანამდებობრივად საჯაროდ, მაგრად გალახული ახალგაზრდა თანამშრომელი უნებლიეთ შევესწარი რა ამ უნიკალურ კურიოზულ ვითარებას, ვხედავ და ვგრძნობ, თუ რა დღეში ჩავარდა ვითარების 180 გრადუსით შეცვლის გამო მმართველობით სისტემაში გამობრძმედილი, ეს უმაღლესი რანგის  სახელმწიფო ჩინოვნიკი, რა გამალებით  ეძებს გამოსავალს ამ იდიოტური ვითარებიდან. თანაც, ვისი თანდასწრებით ხდება ეს „ამინდის შეცვლა“ – საჯაროდ კარგად „დაუთოვებული“ ხელქვეითის!.. და რა დროს და რა მომენტში?  „მთლად უფროსის“ ზარის შემდეგ?! თანაც, მისი ქება უნდა გადმომცეს მე, იდეოლოგიური უმწიფრობისთვის „გატყეპილ“ ავტორს…

და ეს ტიპი, სრულიად ახალგაზრდა, ლამის დამწყები ჟურნალისტი, ვის გამოც ეს სასაცილო (სატირალი რომ არ იყოს) და კურიოზული ამბავი ხდება, ურცხვად(!), „დამცინავად“ მომღიმარი ვდგავარ, და იმას ვაკვირდები (ველოდები), თუ როგორ დააღწევს  თავს ჩემი მრისხანე უფროსი ამ უხერხულობის პიკამდე მისულ ანეკდოტურ ვითარებას…

თავში მიტრიალებს ვარიანტები, რას მოიმოქმედებს, რა გზას აირჩევს ამ უხერხულობის განსამუხტავად სვანეთში დაბადებულ-გაზრდილი მშრომელი ბიჭი, ურთულესი ცხოვრების გზა რომ გაიარა, შეჰქმნა საკუთარი თავი საშური ბიოგრაფიით, ნაომარი(!) კაცი-ოფიცერი; სინდისთან კომპრომისის მოძულე, იდეური, პარტიის პოლიტიკის ურყევი ამღიარებელი და გამტარებელი ჯარისკაცი; ტელევიზიის უნიკალური შენობის ამშენებელი, მოსკოვის და ლენინგრადის შემდეგ, სხვა მოკავშირე რესპუბლიკებზე ადრე ფერადი ტელევიზიის განმახორციელებელი; დეპუტატი, მაგარი ხელმძღვანელი იმ ოთხათასიანი კოლექტივისა, რომლის ჟურნალისტების ნახევარს თავი გენიოსად(!) მიაჩნია…

– კარგი, წადი, მიხედე საქმესო, – მითხრა ისეთი ტონით, რომ მივხვდი: იპოვა გამოსავალი! ცნობისმოყვარეობა მკლავს: მაინც რას იზამს?..

ერთი სიტყვით, პირველი ოფიციალური მადლობა (შრომის წიგნაკში რომ ჩაწერეს)  და პრემია(!), როგორც ჩანს,  სწორედ ამ ვითარებაში და იმ წუთებში დავიმსახურე, როცა ვფიქრობდი, რომელ ვარიანტს აირჩევდა (ამჯობინებდა) ბატონი კარლო (სხვათაშორის, პრემია ნამეტნავად დროული და საკმაოდ უხვი – საპარადო სამოსის შესაძენად საკმარისი აღმოჩნდა).

მალე ამას მოჰყვა მეორე გადაცემა (ისიც პრემირებული, ცხონებულ რეზო დვალიშვილთან ერთად), ცხელ გულზე მომზადებული და დაკავშირებული პრეზიდენტობის კანდიდატის, ჯონ კენედის ძმის (10 შვილის მამის) და მისი მთავრობის იუსტიციის მინისტრის რობერტ კენედის მკვლელობასთან;

(სხვათაშორის, სწორედ მისი შვილი – რობერტ კენედი-უმცროსი დანიშნა ახლახან პრეზიდენტმა ტრამპმა თავის მთავრობაში ჯანმრთელობის მინისტრად! ასე რომ, კენედების ტრაგიკული  კლანის თემა კვლავ აქტუალურია!)

შემდგომ – „ვიეტნამის ომი“… „ნეოფაშიზმი აღზევება გერმანიაში“… „1968 წელი: პარიზი, სტუდენტთა ამბოხი დევიზით: მოითხოვე შეუძლებელი!“

ასე აიდგა ფეხი ქართულმა საერთაშორისო პოლიტიკურმა ტელე-პუბლიცისტიკამ. მანამდე ამ „თემებს“ და „ჟანრს“ საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ ჩინებულად იყენებდნენ პირველი თაობის  კომენტატორები, რომელთაგანაც გამოვარჩევდი ცხონებულებს – თბილად მოსაგონარ ინტელიგენტ ამირან ავალიანსა და ლეგენდარულ იდეოლოგიურ „ტერორისტს” აბონ ციციაშვილს, რომელმაც ერთხელ რიხიანად გამოხატა საყვედური აშშ-ის იმპერიალისტ პრეზიდენტისადმი: „ეტყობა, რეიგანს დაავიწყდა გენიალური ქართული ანდაზა: „რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო!“…

ძნელი, მაგრამ პროფესიულად მაინც საინტერესო დრო იყო. იძულებული იყავი, გეძებნა და გეპოვნა ახალი ფორმა, მასალა, ზოგი რამ გაგებედა, წასულიყავი რისკზე, გაგეპარებინა კიდეც…

ეჰ,  მაშინ რომ ახლანდელი ტექნოლოგიები, პროფესიული თავისუფლება და შესაძლებლობები გვქონოდა…

P S.: გავა ამ მოვლენიდან ოცი წელი და როცა 70-ს გადაცილებულ კარლო გარდაფხაძეს, კომპარტიის ცეკას მდივნის კაბინეტში, რესპუბლიკის ხელმძღვანელობის დავალებითა და სახელით, უღრმესი პატივისცემით და მადლიერებით ვისტუმრებდი პენსიაზე, სიყვარულით და ღიმილით  გავახსენე ეს ისტორია.

და არა მარტო ეს.

90-ს კარგად გვარიანად გადაცილებულს ხშირად ვნახულობდი, ყველა მისი ლხინის თუ ჭირის სუფრას ვთამადობდი და ვჭირისუფლობდი. შესანიშნავი ოჯახი და ხსოვნა დატოვა. ასეთ რწმენიან და საქვეყნო საქმეზე თავდადებულ, ღირსებით სავსე ადამიანებზე იდგა და იდგება ყოველთვის საქართველო. მაშინაც კი, როცა რეიგანის მსგავსად ვიღაც მაკრონებს, შოლცებს, კუბილიუსებს და სხვა მოკრეტინ-მოჩარკვიანო ჯამაათს (შინ თუ გარეთ) დაავიწყდება უძველესი და ბრძნული ქართული ანდაზა: რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო!

 

ასევე იხილეთ