შპს „საქართველოს მელიორაციის“ ახალი გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი უწყების თანამშრომლებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა წარუდგინა.
გიგლა თამაზაშვილი პროფესიით ჰიდროლოგია. დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, არის გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი.
გიგლა თამაზაშვილი Bp საქართველოში, ასევე, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში (GOGC) ტექნიკურ მიმართულებებს ხელმძღვანელობდა.
2017-2019 წლებში კომპანიის „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ სპეციალური მმართველი იყო, ხოლო 2019-დან დღემდე, კომპანიის „თბილისი ენერჯი“ ტექნიკურ საკითხებში დირექტორის თანამდებობა ეკავა.
პარალელურად, გიგლა თამაზაშვილი სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა სხვადასხვა უნივერსიტეტში.
კომპანიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე შპს „საქართველოს მელიორაციის“ ახალმა ხელმძღვანელმა სამომავლო გეგმებზე მოკლე კომენტარი გააკეთა.
„მინდა აღვნიშნო, რომ პროფესიიდან გამომდინარე ის გამოწვევები, რაც არსებობს მელიორაციის კუთხით, ჩემთვის უცხო არ არის. ამ მიმართულებით ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა გაგრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბური გახდება იმისათვის, რომ სისტემა იყოს გამართული. უახლოესი პერიოდის მნიშვნელოვანი პროექტი იქნება ილტოს წყალსაცავი. იქ სადაც სასოფლო-სამეურნეო მიწების მაქსიმალური გამოყენებისთვის სარწყავი წყალია საჭირო, უნდა შევძლოთ მოსახლეობის დაკმაყოფილება; ამავე დროს, უნდა შევძლოთ ეფექტიანი მოხმარების მექანიზმების აწყობაც. ასევე გაგრძელდება დრენაჟის მიმართულებით განსახორციელებელი სამუშაოები“, – განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.