საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე და მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ დამფუძნებელი გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„არ იქნება სამართალი? არ იქნება მშვიდობა!”- ლოზუნგად გაუხდიათ ნაცლიბერალებსა და მათ მსგავსთ. არადა, რას ვერჩით? ტყუილს ამბობენ რამეს? დიახ, ბოლომდე ვეთანხმები ფრაზის შინაარსსა და აზრს! დიახ, თუ არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა!
ახლა მთავარს ვიკითხავ:
2011 წლის 26 მაისის დარბევისა და “ბართლომეს ღამის” საქმეზე, როგორც ბრძანების გამცემსა და მთავარ ორგანიზატორს (თავადვე აქვს აღიარებული 2011 წლის სექტემბერში!) აქვს თუ არა ბრალი წაყენებული მიხეილ სააკაშვილს!
– არა!
2007 წლის ათ აგვისტოს, გამომცემლობა “სამშობლოს” დარბევის, ათეულობით რედაქციის დარბევისა და ასეულობით ჟურნალისტის დარბევისა და “სამშობლოდან” გამოყრის საქმეზე აქვთ თუ არა ბრალი წაყენებული მიხეილ სააკაშვილს, გიგი უგულავას, გიორგი არველაძესა და სხვებს?
– არა!
2008 წლის ზაფხულში, მწერალთა კავშირის დარბევისა და მწერლების გამოყრის საქმეზე აქვთ თუ არა წაყენებული ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიგი უგულავას და სხვებს?
– არა!
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პროფესორ-აკადემიკოსების გამოყრისა და მანამდე, მათი დატყვევების საქმეზე აქვთ თუ არა ბრალი წაყენებული ნაციონალური მოძრაობის ლიდერებსა და მათ ხელისბიჭებს?
– არა!
ტელევიზიების დახურვისა და მათი დარბევის საქმეზე, კონკრეტული გადაცემების გაჩერებისა და ჟურნალისტების დევნის საქმეზე აქვთ თუ არა ბრალი წაყენებული მიხეილ სააკაშვილს, გიგა ბოკერიას, გივი თარგამაძეს, ლევან რამიშვილს, გიგი უგულავას და სხვებს?
– არა!
შორს წავალთ მსგავსი ჩამონათვალით.
ამიტომაც არაა დამაჯერებელი მშვიდობა, ბატონებო.
ამიტომაც ბედავენ იმას, რასაც ბედავენ გირჩი ზურაბასა და პროკურორ გვარამიას, მევახშე ხაზარაძისა და მგიმოელი ხოშტარიას დაკვეთით ე.წ. აქტივისტ-ოპოზიციონერები.
ვიდრე არ აღდგება სამართალი, არ იქნება ამ ქვეყნის დაწყნარება და დამშვიდება!
ვიდრე არ აგებენ პასუხს ჩადენილი დანაშაულების გამო ჯალათური რეჟიმის აპოლოგეტები და ლიდერები, არ იქნება საბოლოო სიმშვიდე ჩვენთან.
საბედნიეროდ, ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” გუნდის სწორად განსაზღვრული პოლიტიკის დამსახურებით, ამ წლების განმავლობაში, არც ომია ჩვენთან და არც მარიუპოლად ქცევის საშიშროება გველის, მაგრამ “ამ ვიდით” ამდენსაც ვერ უნდა ბედავდნენ სააკაშვილ-კეზერაშვილისა და ლომაია-შაშკინის მიმდევრები და მარიონეტები!
“სისტემა უნდა დაინგრესო” – ბრძანებდა ერთ-ერთი ხელოვანი ამასწინათ.
ვეთანხმები.
სისტემა უნდა დაინგრეს!
სააკაშვილისა და მერაბიშვილის შიშითა და შანტაჟით შექმნილი სისტემა უნდა დაინგრეს და მთელი ცხრა და მეტი წლის განმავლობაში რომ იყვნენ გატრუნულები “ძუძუს გოჭებივით” და ნაცინალური რეჟიმის არცერთ(!) ჯალათურ ქმედებაზე ხმა არ ამოუღიათ, – დღეს, მინიმუმ დათვებივით უნდა იყვნენ ძილს მიცემულნი და დუმდნენ!
მათი გასაპროტესტებელი არაფერია ამ ქვეყანაში!
მათ ხმას ეფექტი არა აქვს!
უგულავას “კარმუშკაზე” ისხდნენ, ქერის ორმოში ჰქონდათ თავი წაყოფილი და მშვიდად შესცქეროდნენ ამ ქვეყნის ნგრევას.
ზოგისთვის გმირი იყო მიშა და ზოგისთვის ვანო – ხერხემალი.
არ მახსოვს მათი კვნესა-გოდება არც ფერიის მთაზე, ბოკერიას განკარგულებით დანგრეულ ეკლესიაზე, არც გლდანის ტაძრისა და დედა-უნივერსიტეტის დარბევაზე, არც მწერალთა კავშირისა და გამომცემლობა “სამშობლოს” განადგურებაზე!
გაფიცებთ, – ნიკა რაჭველის პროტესტი გახსოვთ გურამ შარაძის მკვლელობაზე თუ ნინო ქათამაძის ხმამაღალი სიტყვა გახსოვთ ე.წ. ციხის ბუნტისას ჩახოცილ პატიმრებზე?
იქნებ, ლაშა ბუღაძე გოდებდა ან რატი ამაღლობელი იყო ქადაგად დაცემული ირაკლი იმნაიშვილის მიმართ გიგა ბოკერიას მიერ ხმამაღლა გამოცხადებულ “ღია ომის ქრონიკებზე”?
ასე, რომ…
ჩუუუუ, ბატონებო, ჩუუუ…
დღეს ნუ გახდებით ცოტნე დადიანები და იოთამ ზედგენიძეები.
“დუმილი ოქროი არს რჩეული” და დადუმდით.
და თქვენივე აკვიატებული ფრაზა გახსოვდეთ – “არ იქნება სამართალი? არ იქნება მშვიდობა!”
და ახლა სწორედ მშვიდობისთვის და სიმშვიდისთვის – სამართლიანობის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს და შეეგუეთ!
P.S.
ეს ფოტო, (ერთი რიგითი მებრძოლისა) სააკაშვილის სისხლიან რეჟიმთან ბრძოლის დროს, ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე გადაღებული, (რეფრენად რომ გასდევდა მთელ ოპოზიციურ მოძრაობას 2007-20012 წლებში) შეგნებულად დავურთე ამ წერილს და მათ გასაგონად ვწერ, ხვალ-ზეგ კუბოების ჭამას რომ გააგრძელებენ მორიგ ვახშამზე:
არავის ეშინია თქვენი ე.წ. ბულინგისა და თითის გაშვერისა!
“იიი, რუსეთის მონა” და “ბიძინა კრემლის კაცია” აღარ ჭრის.
მონობა ძვალსა და რბილში გაქვთ გამჯდარი და თქვენს ადგილზე, მინიმუმ, ამ სიტყვას არც უნდა ახსენებდეს კაცი.
ზნედაცემულ აქტივისტებად ჩამოგაყალიბათ აბელა სეთურმა და ახლა ერთმანეთში არკვიეთ, ვისთვის რომელია სეთური – ხაბეიშვილით დაიწყეთ და აკუკი მინაშვილით დაასრულეთ.
შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება.
“ამერიკის ხმა” არ ვიცი და საქართველოს ხმა ნამდვილად უნდა ისმოდეს და ასეც იქნება!
შიში ამ ქვეყნის დაკარგვისა – დავძლიეთ!
შიში მეორე ფრონტად ქცევისა – გადავლახეთ!
შიში ეროვნული ღირებულებების განადგურებისა – დავამარცხეთ!
ჰოდა, არავის ეშინია თქვენი კუდის ქიცინისა, კუდიანებო!”