ირაკლი ქადაგიშვილი: პროტესტის გამოხატვის საფარველქვეშ როცა შენიღბულია სახელმწიფოზე შეტევა, ასეთი ქმედებების ორგანიზება არც სიტყვის, არც პროტესტის გამოხატვის ფორმებში არ ჯდება

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, გამოძიება ამბობს, რომ კონკრეტულ ფონდებში აკუმულირებული თანხები კანონსაწინააღმდეგო ქმედებების დასაფინანსებლად გამოიყენებოდა და გამოძიების ფარგლებში ეს ფონდები დაყადაღდა.
ქადაგიშვილის თქმით, სახელმწიფოზე შეტევა, ასეთი სახის ქმედებების ორგანიზება, არც სიტყვის და არც პროტესტის გამოხატვის ფორმებში არ ჯდება.
„პროკურატურამ თავისი გადაწყვეტილება ალბათ თავისი განცხადებით დაასაბუთა, სადაც საუბარია, რომ ამ ფონდებში აკუმულირებული თანხები გამოიყენებოდა ისეთი ღონისძიებების დასაფინანსებლად, რასთან დაკავშირებითაც პროკურატურაში მიმდინარეობს გარკვეული გამოძიება. ერთია იმის უფლება, რომ შენი პროტესტი გამოხატო და მეორეა ვითარება, როცა პროტესტის გამოხატვის საფარველქვეშ შენიღბულია სახელმწიფოზე შეტევა, მობილიზება და ორგანიზება ასეთი სახის ქმედებების, რაც რა თქმა უნდა, არც სიტყვის, არც აზრის, არც პროტესტის გამოხატვის ფორმებში და ჩარჩოებში არ ჯდება. აქედან გამომდინარე, პროკურატურამ ამ გამოძიების ფარგლებში იხელმძღვანელა და არსებული ფონდები დააყადაღა. გამოძიება ამბობს, რომ ფონდებში აკუმულირებული თანხები ისეთი ქმედებებისთვის გამოიყენებოდა, რაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელებაზე მიუთითებდა“, – განუცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს.
პროკურატურამ რამდენიმე ფონდის საბანკო ანგარიშებისა და მათზე არსებული თანხის დაყადაღებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში განხორციელდა იმ იურიდიული და ფიზიკური პირების საბანკო ტრანზაქციების დეტალური შესწავლა, რომელთა მიმართაც არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ახორციელებდნენ სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო და, ცალკეულ შემთხვევებში, დანაშაულებრივი ქმედებების მატერიალურ მხარდაჭერას. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებისთვის ხშირ შემთხვევაში ფინანსური სახსრების შეგროვება და მიწოდება ხორციელდება ე.წ. ფონდების მეშვეობით.
პროკურატურის ინფორმაციით, ანგარიშებიდან, საიდანაც ფინანსდება კანონსაწინააღმდეგო აქტივობები, 2 მილიონზე მეტია დახარჯული, დანიშნულებად კი მითითებულია, მათ შორის, „აქციის საჭირო აღჭურვილობისთვის“, „რაც საჭიროა ბრძოლისთვის“, „აქციებისთვის ინვენტარის შეძენა“, „პიროტექნიკის შესაძენად“, „აირწინაღის შეძენა წინახაზის ბავშვებისთვის“.