leaderboard_below_slide
left_sabechdi

მაკა ბოჭორიშვილი: საერთაშორისო ფორუმები კარგი შესაძლებლობაა, რომ პარტნიორებს მივაწვდინოთ ხმა საქართველოს პოზიციებთან დაკავშირებით, რეალურად რა წუხილები გვაქვს და რისთვის ვიბრძვით

უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ შეძლო, იყოს ეკონომიკურად მიმზიდველი ქვეყანა, შეძლო, გაეტარებინა ეკონომიკური რეფორმები, რომელიც დღეს შესაძლებლობებს აძლევს, ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი რეგიონში, ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი შუა დერეფნის განვითარებაში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს ნიუ დელიში განუცხადა, სადაც ვიზიტით იმყოფება.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ინდოეთში ვიზიტი იყო კარგი შესაძლებლობა პარტნიორებისთვის იმის საჩვენებლად, რომ საქართველო არის სწორედ ის დამაკავშირებელი გზა, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული.

„ჩვენი მთავარი სათქმელი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ მიუხედავად უსაფრთხოების გამოწვევებისა, რომელიც აქვს საქართველოს, საქართველომ შეძლო, რომ იყოს ეკონომიკურად მიმზიდველი ქვეყანა, შეძლო, გაეტარებინა ეკონომიკური რეფორმები, რომელიც დღეს საქართველოს შესაძლებლობებს აძლევს, ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი რეგიონში, ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი შუა დერეფნის განვითარებაში. შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც აღმოსავლეთით, ისე დასავლეთით მდებარე ქვეყნებისთვის. რა თქმა უნდა, ეს კარგი შესაძლებლობა იყო, რომ საქართველოს სწორედ ეს მდგომარეობა, მდებარეობა და შესაძლებლობები კარგად დაინახონ ჩვენმა პარტნიორებმა და იფიქრონ იმაზე, რომ საქართველო არის სწორედ ის ადგილი, ის დამაკავშირებელი გზა, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული, მაშინ როდესაც, საუბარი შეეხება დაკავშირებადობის განვითარებას და ახალი გზების ძიებას“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, ზოგადად, საერთაშორისო ფორუმები იძლევა კარგ შესაძლებლობას პარტნიორებთან კომუნიკაციისა და აზრთა გაცვლა-გამოცვლისთვის და იმისათვის, რომ მათ მიაწოდოს რეალური ინფორმაცია საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ.

„ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და ვიყენებთ კიდეც. ეს ასევე არის ჩვენთვის კარგი შესაძლებლობა, მივაწვდინოთ ჩვენს პარტნიორებს ხმა საქართველოს პოზიციებთან დაკავშირებით, თუნდაც იმ პოზიციებზე, რის გამოც საქართველო უსამართლო კრიტიკის ქარცეცხლში იყო მოქცეული დიდი ხნის განმავლობაში და ხშირად ახლაც გვესმის ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან ასეთი კრიტიკა. რა თქმა უნდა, ეს არის კარგი შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ, ჩემს კოლეგებთან მქონდეს საუბარი, რათა, სცადონ რეალობას შეხედონ კარგად, რეალური სიტუაცია აღიქვან და ნუ იხელმძღვანელებენ აღქმებით, რაზეც ისინი ძალიან ხშირად აპელირებენ ხოლმე, რომ ძალიან რთულია აღქმების შეცვლა. რა თქმა უნდა, თუ ისინი შექმნიან ამ აღქმებს, შემდგომ უკვე ძალიან რთულია ამ აღქმებთან გამკლავება. ამიტომ, კარგი შესაძლებლობაა, რომ მათ მივაწოდოთ რეალური სიტუაციის შესახებ ინფორმაცია. რეალურად, თუ რა წუხილები აქვს საქართველოს, რა უნდა საქართველოს და რისთვის ვიბრძვით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ასევე იხილეთ