leaderboard_below_slide
left_sabechdi

ზელენსკი: უკრაინა ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შეჩერებას მხარს დაუჭერს, ელოდება წინადადების დეტალებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მხარს დაუჭერს წინადადებას ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს წამოიჭრა. ამის შესახებ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მას ჯერ არ აქვს დეტალური ინფორმაცია ცეცხლის შეწყვეტის ფორმატის შესახებ, რომელიც დონალდ ტრამპმა პუტინთან განიხილა.

„ვფიქრობ, სწორი იქნება, თუ ჩვენ პრეზიდენტ ტრამპს ვესაუბრებით და გვეცოდინება დეტალები იმის შესახებ, თუ რა შესთავაზეს რუსებმა ამერიკელებს, ან რა შესთავაზეს ამერიკელებმა რუსებს“, – აღნიშნა მან.

ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა მხარს დაუჭერს წინადადებებს ენერგეტიკულ სექტორზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუმცა აუცილებელია ყველა დეტალის გასაჯაროება, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ.

„მას შემდეგ, რაც მივიღებთ დეტალებს ამერიკის პრეზიდენტისგან, ამერიკული მხარისგან, ჩვენ გავცემთ პასუხს, მოვამზადებთ და გუნდი მზად იქნება ტექნიკური საუბრებისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, როგორც გამოცემა Suspilne იუწყება, სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „არ შეიძლება, რუსეთმა ჩვენს ენერგეტიკულ სექტორს დაარტყას და ჩვენ გავჩუმდეთ“. „ჩვენ ვუპასუხებთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპთან საუბრისას ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ უარყო აშშ-ის წინადადება 30 დღის განმავლობაში ცეცხლის სრულად შეწყვეტის შესახებ, რასაც მანამდე უკრაინა დათანხმდა. სამაგიეროდ, მან მხარი დაუჭირა მხარეების დაპირებას, რომ ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმებისგან 30 დღის განმავლობაში „თავს შეიკავებენ“. პუტინმა რუს სამხედროებს შესაბამისი ბრძანება უკვე მისცა.

„ხაზგასმით აღინიშნა, რომ კონფლიქტის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად და მისი პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით მოგვარებისთვის მუშაობის მთავარი პირობა უნდა იყოს კიევისთვის საგარეო სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების სრულად შეწყვეტა“, – წერს კრემლი.

საუბრის შემდეგ თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთ-უკრაინის ომზე „დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ახლო აღმოსავლეთში“.

 

ასევე იხილეთ