“საკანონმდებლო დონეზე გვაქვს ორი მიდგომა, ერთი არის უკომპრომისო ბრძოლა ნარკომოვაჭრეების მიმართ, მათ შორის, მათთან დაკავშირებული პირების ქონებების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის თვალსაზრისით”, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე საუბრისას.
“იზრდება პატიმრობის ვადები ისევე, როგორც ეს არის მკვლელობისთვის დამამძიმებელ გარემოებებში. ამავდროულად ჩვენ გვაქვს ცვლილებები, რომელთა მიზანიც არის ის, რომ რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა გაიხედოს ნარკოტიკებისკენ, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა. სწორედ, ამის პრევენციისთვის არის შემოთავაზებული შეზღუდვები დასაქმებასთან თუ მართვის მოწმობასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს, ჩვენ შემოგვაქვს სასჯელის დამატებით სახედ სავალდებულო მკურნალობა, რაც თავის თავში გულისხმობს იმას, რომ ადამიანები, რომლებსაც ასეთი საჭიროება ექნებათ, შესაბამისი კრიტერიუმების არსებობის შემთხვევაში, მოსამართლის მიერ მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომ ამ ადამიანის მიმართ გამოყენებული იქნას, დამატებითი სასჯელის სახით, სავალდებულო მკურნალობის ჩატარება“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.