ირაკლი ზარქუა: მნიშვნელობა არ აქვს, რისთვის არის ფონდი შექმნილი, ყველა უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის სტანდარტებს

“ყველა ფონდი შესაბამის სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს და გამჭვირვალე უნდა გახადონ, რასაც შესაბამისი სტრუქტურები ითხოვენ”, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას რამდენიმე ფონდის საბანკო ანგარიშებისა და მათზე არსებული თანხის დაყადაღებასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის განცხადებაზე დაუსვეს კითხვა.
„ყველა ფონდი შესაბამის სტანდარტებსა და ნორმებს უნდა აკმაყოფილებდეს. მნიშვნელობა არ აქვს, ფონდი რისთვის არის შექმნილი. ფონდები გამჭვირვალე უნდა გახადონ, რასაც შესაბამისი სტრუქტურები ითხოვენ და რა პრობლემა იქნება? მგონი, ესენი შეგნებულად აკეთებენ, რომ თავი აარიდონ. უკვე აღარ აინტერესებთ, რადგან USAID-ის დაფინანსება აღარ აქვთ. ვამბობდით, რომ დასავლური ფონდები რევოლუციურ სცენარებს აფინანსებდნენ და მართალი აღმოვჩნდით. კაცი მოვიდა და მათ ოფისები საერთოდ დაუხურა. ისეთებს ვისმენთ, ჩვენც რომ არ ვიცოდით, რას აფინანსებდნენ, მათ შორის, საქართველოში. აფინანსებდნენ პოლიტიკოსებსა და მედიებს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ვინაიდან ჩაიხსნა რამდენიმე ფონდი, რომლებიც ამ მავნებლობაში არიან ეჭვმიტანილი, ახლა გადაერთნენ სხვაზე. აქეთ ევროპული ფონდი შემორჩათ, განსაკუთრებით, ბალტიისპირეთის ქვეყნის ხელისუფლების ფონდებია, აგენტურაა ხელისუფლებაში და ისინი აქტიურობენ. რატომ არ გიჩნდებათ კითხვები? ორგანიზაციები ესტონეთში დარეგისტრირდნენ და ისინი საქართველოს ინტერესებს იცავენ?
ესტონელების მთავრობა ფულს უხდის და ისინი საქართველოს ინტერესებს იცავენ? – არ დაიჯეროთ, ჩვეულებრივი აგენტურა არიან აქაურიც და მათი პატრონებიც. ჩვენთვის ეს გაშიფრული სცენარია და არ გვაინტერესებს. ვინც არ უნდა დააფინანსოთ და რა ფონდებიც არ უნდა შექმნან, ქართველმა ხალხმა იცის, რომ ისინი რევოლუციის, ქაოსისა და არეულობის მხარეს დგანან, ხოლო ერი, ბერი, ეკლესია და საზოგადოება ქვეყნის გაერთიანებაზეა ორიენტირებული“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.