ეკა სეფაშვილი: ანონიმური წყაროსაგან მიღებული ინფორმაციაც უნდა იყოს გადამოწმებული და დადასტურებული რაიმე დოკუმენტაციით, ვფიქრობ, ეს კანონით უნდა იყოს მოთხოვნილი, რათა უზრუნველვყოთ მთავარი მიზანი – საზოგადოების ცრუ ინფორმაციისაგან დაცვა

„კარგი იქნება დაზუსტება, რომ ანონიმური წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეიცავდეს რაიმე დამადასტურებენ დოკუმენტებს, ან რაიმე ხელშესახებ საბუთს, რომლითაც დასტურდება მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რადგან ეს მიგვიყვანს გარდაუვალ, დაუსრულებელ სასამართლო გარჩევებამდე,“ – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო ჯგუფი „ხალხის ძალის“ დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.
მისივე თქმით, მედიას კანონი უნდა ავალდებულებდეს, რომ ანონიმური წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის სისწორე დასტურდებოდეს რაიმე დოკუმენტით.
„თქვენ ბრძანეთ, რომ მაუწყებელი არ თავისუფლება ვალდებულებისაგან და პასუხისმგებლობისაგან იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ანონიმური წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია შეიცავს გარკვეულ უზუსტობებს. მაგრამ აქ კარგი იქნება დაზუსტება, რომ ანონიმური წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს რაიმე დამადასტურებენ დოკუმენტებს, ან რაიმე ხელშესახებ საბუთს, რომლითაც დასტურდება მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რადგან ეს მიგვიყვანს გარდაუვალ, დაუსრულებელ სასამართლო გარჩევებამდე. მართალია, მაუწყებელი პასუხისმგებლობისაგან არ თავისუფლდება, მაგრამ ის, რომ ანონიმური წყაროსაგან მიღებული ინფორმაციაც უნდა იყოს გადამოწმებული და დადასტურებული რაიმე დოკუმენტაციით, ვფიქრობ ეს კანონით უნდა იყოს მოთხოვნილი, რათა უზრუნველვყოთ ამ კანონის მთავარი მიზანი – საზოგადოების ცრუ ინფორმაციისაგან დაცვა. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მაუწყებელს არ უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ თქვას – მე ასე მომაწოდეს ინფორმაცია და რა ვქნა,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
დეპუტატის კითხვას უპასუხა საკითხის მომხსენებელმა არჩილ გორდულაძემ.
მისი თქმით, მაუწყებელს აქვს ვალდებულება, რომ ინფორმაცია ჯეროვანი სიზუსტით გადმოსცეს და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია თითოეული ასეთი შემთხვევის განხილვა მარეგულირებელ კომისიაში.
„თქვენ დაწვრილებით ისაუბრეთ ამაზე, მაგრამ მაინტერესებს, რამდენად შესაძლებელია, კანონში ჩავამატოთ მუხლი იმასთან დაკავშირებით (ეს შეიძლება იგულისხმებოდეს, ან შეიძლება პრაქტიკით დამტკიცდეს), რომ მაუწყებელი ვალდებულია, ანონიმური წყაროსაგან მიღებული ინფორმაცია იყოს დადასტურებული რამენაირად (დოკუმენტით ან წყაროს მითითებით), რადგან ეს თავიდან აგვარიდებს ძალიან ბევრ გაუგებრობას, პრაქტიკის დამკვიდრების საქმეშიც დაგვეხმარება და ვფიქრობ, არავისთვის იქნება ხელის შემშლელი კიდევ ერთი დამაზუსტებელი ჩანაწერი კანონში,“ – დააზუსტა კითხვა ეკა სეფაშვილმა. არჩილ გორდულაძის თქმით, კანონპროექტს არაფერი ემატება ისეთი, რაც არ არის თვითრეგულირებაში გაწერილი. მოხდება დაკვირვება პრაქტიკაში და თუ მოითხოვა საჭიროებამ, შემდეგ შესაძლებელი იქნება ცვლილებების შეტანა კანონში.