გურამ მაჭარაშვილი: გილაური პოლიტიკაში აქტიურია თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს, უცხოური ძალის წარმომადგენელი ან აგენტი როცა ხარ, რასაც გეტყვიან, ის უნდა გააკეთო

“ნიკა გილაურის შესახებ „ფარა“-ს მიერ აღმოჩენილი ფაქტი მორიგი დასტურია თუ რატომ გვჭირდება საქართველოში მსგავსი კანონი, ასეთი კანონი საქართველოშიც უნდა იყოს”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ნიკა გილაური პოლიტიკაში აქტიურია თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს, უცხოური ძალის წარმომადგენელი ან აგენტი როცა ხარ, რასაც გეტყვიან, ის უნდა გააკეთო.
“ფარა”-ს მიერ აღმოჩენილი ფაქტი მორიგი დასტურია, თუ რატომ გვჭირდება საქართველოში „ფარა“-ს მსგავსი კანონი. ამ ყველაფერზე რატომ უნდა ვიგებდეთ ამერიკაში ვებ-გვერდზე განთავსებული განცხადებიდან? ეს ფაქტი ერთ-ერთი დასტურია იმის, რომ ასეთი კანონი საქართველოშიც უნდა იყოს. ნიკა გილაური პოლიტიკაში აქტიურია თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს. უცხოური ძალის წარმომადგენელი ან აგენტი როცა ხარ, რასაც გეტყვიან, ის უნდა გააკეთო – აქციებზე არ დადიხარ, მაგრამ ფული უნდა გადარიცხო, ფული არ გაქვს, აქციებზე უნდა იარო და შტურმი განახორციელო. ყველას თავისი როლი მისცეს. გილაურს უთხრეს, რომ „იუესეიდიდან“ იმდენი დაფინანსება აღარ არის და ფული რომ გაკეთებინეთ, ამოიღე და დახარჯეო.
ამიტომ ლობისტურ კომპანიაში თანხა გადაარიცხვინეს, რადგან „ფარა“-ში საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ხელშეკრულებები არაერთხელ ამოვარდა. აგენტი როცა ხარ, არავინ არაფერს გეკითხება. უთხრეს – თანხა გადარიცხეო. თუ ეტყვიან, პოლიტიკაში მიდიო, მოვა. ვიღაც-ვიღაცები შტაბის უფროსებად გაუშვეს. ახლა გილაურს ეს როლი აქვს, შემდეგ შეიძლება, კულისებში ამუშაონ. ეს არის აგენტის ბედი”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.