leaderboard_below_slide
left_sabechdi

დედაქალაქის პროფესიული თეატრების რეგიონებში გასტროლების დასაფინანსებლად კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა

“საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი – „დედაქალაქის პროფესიული თეატრები რეგიონებში – ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“, რომლის მიზანია რეგიონების მოსახლეობისათვის თეატრალური ხელოვნების გაცნობა”,- ამის შესახებ ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
“დედაქალაქის პროფესიული თეატრების რეგიონებში გასტროლების ხელშეწყობა და თეატრისადმი მოსახლეობის ინტერესის გაზრდა; ქართული თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია და მიმდინარე თეატრალური პროცესის გააქტიურება.
წლევანდელი კონკურსისათვის გამოყოფილია 250 000 ლარი.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ დედაქალაქის პროფესიულ თეატრებს, განურჩევლად სამართლებრივი სტატუსისა. კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საკონკურსო პროექტის წარდგენა.კონკურსში უპირატესობა მიენიჭება პროექტს,რომელიც გულისხმობს თეატრალურ გასტროლს ორ ან მეტ ადმინისტრაციულ /გეოგრაფიულ პუნქტში, ან რომელიც განხორციელდება პატარა და საშუალო დასახლებაში (სოფელი, დაბა, პატარა ქალაქი და სხვ.).
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2024 წლის 19 მარტიდან 2024 წლის 28 მარტის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. N4, ნაბეჭდი სახით, ან სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით – info@culture.gov.ge, ელექტრონული დოკუმენტის სახით, რომელიც იქნება ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ, ბეჭედდასმული (არსებობის შემთხვევაში) და დასკანერებული. კონსულტაციების მიღება შეიძლება სამინისტროს ცხელი ხაზის მეშვეობით, ტელ.: № 032 2 022229 ან № 577 470 691, სამუშაო საათების განმავლობაში.
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2024 წლის 10 აპრილისა.
ინფორმაციისთვის: 2023 წელს კონკურსის ბიუჯეტი იყო 250 000 ლარი. სამინისტროს მომართა 25-მა განმცხადებელმა. გამარჯვებული 17 პროექტის ფარგლებში სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 66 სცენაზე გაიმართა 71 წარმოდგენა.
2022 წელსაც ამ კონკურსის ბიუჯეტი იყო 250 000 ლარი.კონკურსის შედეგად დაფინანსდა 11 პროექტი და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებსა და დაბებში გაიმართა 63 თეატრალური წარმოდგენა.2021 წელს ამავე კონკურსის ბიუჯეტი შეადგენდა 200 000 ლარს. კონკურსის შედეგად განხორციელდა რვა პროექტი, რომელთა ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებსა და დაბებში გაიმართა 44 თეატრალური წარმოდგენა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N7864 ბრძანება „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ“ და ფორმულარები იხილეთ ბმულებზე:
დაფინანსების წესი – https://cutt.ly/RwM9pRNu
ფორმულარები – https://cutt.ly/bwM9aEls
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/gw2YGo6h “, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ასევე იხილეთ