საქართველოს თავდაცვის ძალებს სამუშაო ვიზიტით NATO-ს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) მეთაური, გენერალ-მაიორი ნორბერტ ვაგნერი სტუმრობს. გენერალ ვაგნერს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი შეხვდა. გენერლებმა თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები განიხილეს და ერთობლივი სწავლებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ JFTC-თან თანამშრომლობით კიდევ უფრო იზრდება საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობები და ურთიერთთავსებადობა NATO-სთან. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გენერალ ნორბერტ ვაგნერს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მედლით „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა.
საქართველოში იმყოფებიან ასევე, გერმანიის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადების ცენტრის (GACTC), ფინეთის თავდაცვის ძალების საერთაშორისო ცენტრისა (FINCENT) და შვედეთის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო ცენტრის (SWEDINT) ხელმძღვანელი პირები. ოთხივე საწვრთნელი ცენტრი JTEC-თან მჭიდროდ თანამშრომლობს. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მხარეები გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან და ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ. საწვრთნელი ცენტრების ხელმძღვანელი პირები კრწანისში JTEC-ის შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნობიან და საწვრთნელ ბაზებზე საველე სწავლებებს დააკვირდებიან.