„უნდა გავიაროთ სწორ მიჯნაზე, რომლის ერთ მხარესაც არის პროპაგანდა, მეორე მხარეს კი – ადამიანის უფლებები“, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა განაცხადა, რითაც ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო ინიციატივაზე დასმულ კითხვას უპასუხა.
დეპუტატის თქმით, რაც უფრო მეტი პოლიტიკური ჯგუფი იქნება ამ საკითხში ჩართული, უფრო წაადგება კანონპროექტსაც და ქვეყანაში ყველას თანაცხოვრებას.
„უმთავრესი და ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ განსხვავებული იდენტობის მქონე არც ერთი ადამიანის უფლება არ იყოს შელახული ამ კანონპროექტით და ჩვენ ვიზრუნებთ ამაზე. მეორე მხრივ, უნდა დავიცვათ მომავალი თაობები პროპაგანდის ნეგატიური ზეგავლენისგან“, – აღნიშნა ბექა დავითულიანმა.
მისი თქმით, „ჩვენ ახლა გასავლელი გვაქვს „ოქროს შუალედზე“.
„ნამდვილად არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ განსხვავებული სექსუალური იდენტობა. ხაზგასმით ითქვა, რომ ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, არ უნდა იჩაგრებოდნენ და მათი უფლებები უმაღლეს დონეზე უნდა იყოს დაცული. მეორე საკითხია, რამდენად უნდა ხდებოდეს ამის პროპაგანდირება, სასკოლო სასწავლო პროგრამებში ამის წარმოდგენა და ა.შ. ამის წინააღმდეგ იქნება მიმართული ეს კანონპროექტი და ამ სულისკვეთებით იქნება განმსჭვალული. ამიტომ ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ ოპოზიციური ჯგუფები ჩაერთონ, მათ შორის ისინიც, ვისაც სექსუალური უმცირესობების საკითხებზე მუშაობის მეტი გამოცდილება აქვთ, რათა დაცული იყოს და სადმე არ შეიზღუდოს ამ ადამიანების უფლებები.
უნდა გავიაროთ სწორ მიჯნაზე, რომლის ერთ მხარესაც არის პროპაგანდა, მეორე მხარეს კი ადამიანის უფლებები. რაც უფრო მეტი პოლიტიკური ჯგუფი იქნება ამ საკითხში ჩართული, ჩემი აზრით, ეს უფრო წაადგება კანონპროექტსაც და ქვეყანაში ყველას თანაცხოვრებას. თუმცა, არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ ისინი ამ ნაბიჯს გადადგამენ.
მე მაქვს მოლოდინი, რომ როდესაც კანონპროექტი დაიდება, ისინი გარკვეულ „ენჯეოებთან“, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხოელებთან ერთად კოორდინირებულად მიიტანენ შეტევას პირველად კანონპროექტზე. რა თქმა უნდა, ველოდებით, რომ იქნება მცდელობა, ააგორონ მორიგი საპროტესტო ტალღა. თუმცა უმთავრესი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ განსხვავებული იდენტობის მქონე არც ერთი ადამიანის უფლება არ იყოს შელახული ამ კანონპროექტით და ჩვენ ვიზრუნებთ ამაზე. მეორე მხრივ, უნდა დავიცვათ მომავალი თაობები პროპაგანდის ნეგატიური ზეგავლენისგან. არის მოლოდინი, რომ შეუტევენ ამ კანონპროექტს – ეს დასრულდება ისე, როგორც სრულდება ხოლმე მათი პროტესტი – ანუ უშედეგოდ“, – აღნიშნა დავითულიანმა.