ანრი ოხანაშვილი: ორ გვამს რომ ითხოვდა მინისტრი, იმ პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი როგორ შეიძლება, ვახტანგ გომელაურს პრეტენზიას უყენებდეს?
„ქართული ოცნების“ პირობებში, ჩვენს ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა, მაქსიმალურად გამჭვირვალედ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღოს შესაბამის უწყებაში მიმდინარე რეფორმებთან ან სხვა, ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით“,-განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატებმა შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს.
ანრი ოხანაშვილის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრმა დღეს წარადგინა ანგარიში ყველა იმ საკითხზე, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს, თუმცა ოპოზიციამ დასვა საკითხები, რაც მართლწესრიგსა და უსაფრთხოებას არ უკავშირდება.
“თქვენ რომ ნახოთ ოპოზიციის მიერ დასმული შეკითხვები, გაგიკვირდებათ, როგორ უნდა შეძლო დააკავშირო მართლწესრიგთან და უსაფრთხოებასთან. თუმცა ეს საკითხებიც არ არის უმნიშვნელო და ცალკე მსჯელობის და განხილვის საგანი შეიძლება იყოს, მაგრამ როდესაც ამას აკეთებ ხელოვნურად და ყალბად, საზოგადოება ამას კარგად ხედავს. ნაცმოძრაობის და მისი განშტოებების ყოველ შეკითხვაში საკითხი ეხეობდა მიგრაციას, თუმცა იქაც ტყუილი ციფრებით მანიპულირებდნენ და ამაზე სთხოვდნენ შსს მინისტრს პასუხს, კაცს, რომელიც პასუხისმგებელია უსაფრთხოებასა და მართწესრიგზე“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციას პრეტენზია უნდა წაეყენებინათ იმ საკითხებზე, რომელზეც სამინისტროა პასუხისმგებელი.
„ოპოზიცია უნდა მოსულიყო და წაეყენებინა პრეტენზია, რომ უსაფრთხოებას ვერ იცავს სათანადოდ , მართლწესრიგი არ არის დაცული. მაგრამ როდესაც არ ხარ ფაქტებით გამყარებული, პრეტენზიას ვერ წაუყენებ მინისტრს. ვინ უნდა წაუყენოს პრეტენზია? ორ გვამს რომ ითხოვდა მინისტრი, იმ პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი როგორ შეიძლება ვახტანგ გომელაურს პრეტენზიას უყენებდეს? იმის გამო, რომ არ ჰქონდათ ფაქტები, არგუმენტები უყსაფრთხოების, მართლწესრიგის დაუცველობაზე, მოიფიქრეს, რომ ყველა სხვა საკითხზე ესაუბრათ“, -განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დანაშაულის სტატისტიკაზე გაამახვილა ყურადღება.
„ოპოზიციას ამ ფაქტებზე და ციფრებზე მსჯელობის რესურსი როცა არ აქვს, რა თქმა უნდა, ძნელია მსჯელობაში შეჰყვეს შსს მინისტრს, რომელიც ახორციელებს კრიმინალის წინაარმდეგ ბრძოლას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.